დიდი ლილოს პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, სავარაუდოდ, 6 255 000 ევრო დაჯდება

დიდი ლილოს პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, სავარაუდოდ, 6 255 000 ევრო დაჯდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, შესაბამისი სამუშაოების ტენდერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება.

ამასთან, პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობაცაა დაგეგმილი, რომლის კონცეპტუალური დიზაინის საბოლოო ვერსიაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ასევე, დაგეგმილია ნაგავსაყრელზე მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა, პროექტის ღირებულება კი 26 მილიონი ევროა.

„დიდი ლილოს პოლიგონზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა იგეგმება, რაც ამ კუთხით დღეს არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. შესაბამისი სამუშაოების ტენდერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება. სავარაუდო ბიუჯეტი - 6 255 000 ევროა.

ასევე, პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან გაზის (მეთანის) შეგროვებას. ამ დროისთვის საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კონცეპტუალური დიზაინის საბოლოო ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ნაგავსაყრელზე მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობაც იგეგმება. ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება. პროექტის ღირებულება 26 მილიონი ევროა. EBRD-თან შესაბამის სასესხო შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა.

ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც დიდი ლილოს მოსახლეობისთვის, ასევე, თბილისში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის და რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის კუთხით“,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში.