ცხოველური წარმოშობის მწარმოებელ-გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორების რეგისტრაციის ვადა 1 ივნისს ამოიწურა

ბიზნესოპერატორებისთვის, რომელთა საქმიანობაც ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან გადამუშავებასთან არის დაკავშირებული, რეგისტრაციის ვადა 1 ივნისს ამოიწურა.

ამის შესახებ პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, მაკა შუბლაძემ ისაუბრა.

როგორც მაკა შუბლაძემ ”საქმეში” განმარტა, კანონმდებლობაში აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების შემოღება 2 მიზანს ემსახურებოდა: ”პირველი - ეს იყო საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტის ამაღლება, რაც თავისთავად გავლენას ახდენს მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე და ბიზნესის განვითარებაზე, და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას - საქართველოს მხარემ აიღო ვალდებულება, რომ წლების განმავლობაში საკანონმდებლო დაახლოება მოხდეს - ანუ ქართული კანონმდებლობა დაახლოებული იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ამ დიდ საქმეში, რომ მოხდეს, ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელ-გადამამუშავებელ ბიზნეს ოპერატორთა აღიარება”,-აღნიშნა მაკა შუბლაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სურსათის ეროვნულ სააგენტოსთვის სულ 8 კომპანიას აქვს მიმართული: ”მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა რეგულაციამ სავალდებულო ხასიათი 2014 წელს მიიღო და პირველი იანვრიდან უკვე მოქმედებს ის პროცედურა, რომლის შესაბამისადაც დაინტერესებულ ბიზნესოპერატორებს შეეძლოთ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მოემართათ (და ეს ვადა 1 ივნისამდე იყო), სულ 8 ბიზნესოპერატორმა შემოიტანა განაცხადი აღიარებასთან დაკავშირებით. აქედან რამდენიმე გახლავთ სასაკლაო, არის ხორცის და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო და არის 4 რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ-გადამამუშავებელი საწარმო”, - განაცხადა მაკა შუბლაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 აგვისტომდე ბიზნესოპერატორები პირობითად აღიარებულად ითვლებიან. მაგრამ თუ ისინი სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამ პერიოდშიც არ მიმართავენ, საქმიანობის შეწყვეტა ან ჯარიმის გადახდა მოუწევთ: ”კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორმა, რომლის საქმიანობაც აღიარებას არ ექვემდებარება, უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, სანამ აღიარებას არ მიიღებს. 1 აგვისტოს შემდეგ, თუ ბიზნესოპერატორებს არ ექნებათ აღიარება, მათ საქმიანობა უნდა შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მათი დაჯარიმება 500 ლარის ოდენობით”,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, მაკა შუბლაძემ.

იხილეთ გადაცემა

bpn