საბერძნეთი “ოქროს ვიზების“ გაცემის პირობებს ამკაცრებს

საბერძნეთი, 31 მარტიდან, “ოქროს ვიზის“ მიღებისთვის საინვესტიციო თანხას ზრდის. როგორც Bloomberg-ი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ათენში, თესალონიკში, მიკონოსსა და სანტორინის კუნძულებზე უძრავი ქონების შეძენისას „ოქროს ვიზის“ კანდიდატს 500 ათასი ევროს ნაცვლად 800 ათასი ევროს დახარჯვა მოუწევს. აღნიშნული თანხა 250 ათასი ევროდან 400 ათას ევრომდე გაიზრდება ქვეყნის სხვა ნაწილებშიც. ცვლილებები საცხოვრებლისა და ქირავნობის ფასების ზრდამ გამოიწვია.

ამასთან, ინვესტორებს შეეძლებათ შეიძინონ მხოლოდ ერთი ქონება, რომლის ფართობი მინიმუმ 120 კვადრატული მეტრი იქნება. უძრავი ქონება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მოკლევადიანი გაქირავებისთვის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, “ოქროს ვიზებზე“ საბერძნეთმა 25 ათასზე მეტი განაცხადი მიიღო და 17 ათასზე მეტი ნებართვა გასცა. ვიზების უმრავლესობა გაცემული იყო ჩინელ (თითქმის 60%) და თურქ (7%) ინვესტორებზე.

ევროპის ქვეყნებმა ფინანსური კრიზისის შემდეგ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად “ოქროს სავიზო“ პროგრამები აამოქმედეს. შედეგად მათ მოახერხეს უცხოეთიდან მილიარდობით ევროს მოზიდვა. თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გადაწყვიტა პროგრამების გაუქმება - მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია და ირლანდია.

„ოქროს ვიზები“ უცხოელებს საშუალებას აძლევს მიიღონ ევროკავშირში ბინადრობის ნებართვა, მოგვიანებით კი მოქალაქეობა ადგილობრივ უძრავ ქონებაში ან ფინანსურ აქტივებში გარკვეული თანხის ინვესტიციით.

თეონა რამაზაშვილი