საქართველოს ტრანსპორტირებისა და სასაწყობე სექტორმა 2023 წელს ზომიერი ზრდა განიცადა. ისეთი გამოწვევების მიუხედავად, როგორიც რუსეთთან ვაჭრობის შეფერხებაა, სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში 5.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კვლევით ცენტრ PMC-ის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის 2023 წლის ანგარიშში წერია.
PMC-ის მიხედვით, მართალია, ტრანსპორტირებისა და სასაწყობე სექტორის წილი მთლიან პროდუქციაში წლიური თვალსაზრისით ოდნავ, 0,8%-ით შემცირდა, მაგრამ ის ეროვნული ეკონომიკის მთლიან წარმოებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 6,5%-იან წილს იკავებს.
დასაქმების მხრივ ტრანსპორტირებისა და სასაწყობე სექტორმა საქართველოში 2023 წელს მნიშვნელოვანი, 8.5%-იანი კლება განიცადა, რაც შრომაზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს. თუმცა კლების მიუხედავად, სექტორში ხელფასები მნიშვნელოვნად, 25.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის საშუალო ანაზღაურებას გადააჭარბა.
საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით 2023 წელს გადაზიდვების მოცულობამ წლიური თვალსაზრისით 8.2%-ით მოიკლო და 13.6 მლნ. ტონა შეადგინა. მართალია, გადაზიდვები, ზოგადად, სხვადასხვა სახის ტრანსპორტითაც შემცირდა, მაგრამ რკინიგზით იმპორტირებული საქონლის მოცულობა 3.7%-ით გაიზარდა. თუმცა ექსპორტი 9%-ით შემცირდა, ასევე, 14%-ით არის შემცირებული ადგილობრივი საქონლის სარკინიგზო გადაზიდვები. ამასთან, წლიურად ტრანზიტის 11%-ით შემცირების მიუხედავად, საქართველოს სარკინიგზო სისტემაში ის კვლავ დომინანტობს, რამაც გასულ წელს 7.7 მლნ. ტონა შეადგინა. სატრანზიტო საქონელი მრავალფეროვანია. ქვეყანაში ტვირთი, ძირითადად, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შედის, რაშიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს მნიშვნელოვანი წილი უკავია. 2023 წელს საქართველოს რკინიგიზით გადაზიდული მთლიანი ტვირთის 57.4%-ს ლითონი, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი შეადგენდა.
საჰაერო ტრანსპორტით ტვირთისა და საფოსტო გადაზიდვებმა 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით მოიმატა და რამდენიმეწლიანი კლების შემდეგ პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდა. თუმცა ზოგადად სატვირთო ფრენების რაოდენობა 32%-ით, 1085-მდე არის შემცირებული.
საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს პორტებითა და ტერმინალებით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ოდნავ, 7%-ით შემცირდა, ხოლო ტვირთბრუნვამ 13.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებაა. თუმცა გასულ წელს საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა საგრძნობლად, 45%-ით გაიზარდა და 693,976 TEU შეადგინა, ხოლო შემოსული გემების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, თითქმის, უცვლელი დარჩა. კერძოდ, საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში შესული გემების მთლიანი რაოდენობის 18% თურქულია, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორად რჩება. შემდეგი 16%-ით სათითაოდ პანამა და ლიბერიაა, ხოლო გემების 15% მალტას ეკუთვნის. რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს პორტებში შესული რუსული გემების წილი მხოლოდ 4%-ია, მაშინ, როცა 2022 წელს 14%-ს შეადგენდა. რუსული გემების რაოდენობა წლიურად 67%-ით შემცირდა.
ზოგადად, სატრანსპორტო სერვისით ვაჭრობაში 2023 წლის 1-3 კვარტალში იმპორტიც და ექსპორტიც წლიური თვალსარისით გაზრდილია, თუმცა იმპორტი 28%-იანი მაჩვენებლით ექსპორტს აღემატება, რომელმაც სულ 14% შეადგინა. ამასთან, ყველაზე მაღალი ზრდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებაში დაფიქსირდა, რომლის იმპორტმაც წლიური თვალსაზრისით 42%-ით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტით ექსპორტმა 39%-ით მოიმატა.
PMC საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორის მომავალ ზრდასა და განვითარებას პროგნოზირებს.
“ბოლოდროინდელი გამოწვევების მიუხედავად, შუა დერეფნის გასწვრივ სექტორის სტრატეგიული მდებარეობა გაფართოების პერსპექტიულ შესაძლებლობებს იძლევა. ინფრასტრუქტურისა და კავშირის გაუმჯობესების მუდმივი ძალისხმევა აძლიერებს ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ცენტრის მნიშვნელობას,” - წერს PMC.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ