ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ აეროპორტების გაერთიანებამ ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი მარტის დასაწყისში გამოცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 261,773 ლარს შეადგენდა.

ტენდერი დღეს დასრულდა, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის „არ შედგა“.

შეგახსენებთ, დედაქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კორეაში, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუდოდ განაცხადა - თბილისის დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება - დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება".

უკვე 2023 წლის ზაფხულში ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებაზე განცხადება მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ამ თემაზე გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.

„უკვე დაწყებულია მუშაობა ვაზიანის აეროპორტის პროექტზე იმისათვის, რომ გაფართოვდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თბილისს შეეძლება მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი, რაც განსაკუთრებით ჩვენი ტურისტული და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ პროექტზე მუშაობა ძალიან აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისათვის, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი 1940-იან წლებში შევიდა ექსპლუატაციაში. აეროდრომზე პირველი საბჭოთა საავიაციო შენაერთი 1942 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ იყო, ხოლო სიგანე - 60 მ.