კალიის წინააღმდეგ წამლობა საგარეჯოსა და დედოფლისწყაროშიც იწყება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტები კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლის - იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებების გატარებას იწყებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქიმიური წამლობა 26 მაისიდან მიმდინარეობს, თუმცა მავნებლის ერთეული გავრცელების გამო წამლობა მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტარდებოდა. ამ დროისთვის სიღნაღის 7 სოფელში - ანაგაში, ძველ ანაგაში, ვაქირში, ბოდბისხევში, წნორში, ჯუგაანსა და ტიბაანში 120 ჰა დაზიანებული ფართობი დამუშავდა. დღეიდან ღონისძიებები საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს ტერიტორიაზეც ჩატარდება.
"ამ ეტაპზე წამლობა სამანქანო დანადგარებით მიმდინარეობს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, უხვი ნალექისა და ცივი კლიმატური პირობების გამო კალიის კვერცხები განადგურდა, შესაბამისად, გასული წლებისგან განსხვავებით, მავნებლის მასშტაბური გავრცელება არ შეინიშნება. სააგენტოს მცენარეთა დამცველები სისტემატურად ახორციელებენ მონიტორინგს კალიების გავრცელებაზე. საჭიროების შემთხვევაში იგეგმება ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება როგორც სამანქანო დანაგდარებით, ასევე ავიაციის მეშვეობოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები 2015 წლის მიზნობრივი პროგრმის ფარგლებში მიმდინარეობს. სააგენტო საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ წამლობას ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით ყოველწლიურად ახორციელებს. გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა.