მსოფლიოში გარგარი და გარგრის ჩირი ისევ გაძვირდება

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, არახელსაყრელმა ამინდმა, რომელიც ამჟამად თურქეთში, კერძოდ კი მალათიაში შეინიშნება, შესაძლოა, ჩირის გლობალურ ბაზარზე და ახალი გარგარის რეგიონულ ბაზარზე დიდი გავლენა იქონიოს.

სწორედ მალათია არის ცნობილი, როგორც " გარგარის მსოფლიო დედაქალაქი", რადგან თურქული გარგარის 80% სწორედ აქ მოდის. ამავდროულად, თურქეთი არის გარგრის ჩირის უმსხვილესი ექსპორტიორი. ამიტომ რეგიონში არსებული ამინდი პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც ჩირის ფასებზე მსოფლიოში, ასევე ახალი გარგარის ფასებზე სეზონზე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ქვეყანამ 97 ათასი ტონა ახალი გარგარი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ესპანეთს გაუსწრო. მისი ძირითადი ბაზრებია: რუსეთი, ერაყი, უკრაინა, რუმინეთი და საუდის არაბეთი. მაგრამ რაც შეეხება გარგრის ჩირს, თურქეთი ყველა თავის კონკურენტს უსწრებს უზარმაზარი სხვაობით და თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს შოულობს ექსპორტიდან.

თურქული გარგარი შემოდის საქართველოშიც. 2023 წლის განმავლობაში ქვეყანამ 387 ტონა ხილი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 194 ათასი დოლარი გახდა.

ეკა დარჩიაშვილი