„მათი მიდგომები ბევრად განსხვავდება“ - პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში ჩინელი ტურისტების მასიურად შემოსვლას მოჰყვება

„ჯავშნები წამოვიდა ჩინეთიდან, მაგრამ საკმაოდ სპეციფიური მოთხოვნები აქვთ“ - რა პრობლემები იჩენს თავს ქვეყანაში, თუ ჩინელი ტურისტები მასიურად შემოვლენ? - ამ თემაზე „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, სპეციფიურ მოთხოვნებში პირველ რიგში მოიაზრება კვება. „მაგალითად, აზიელებისთვის ქართული სამზარეულო საკმაოდ რთულია, დღეში სამჯერ ნიგვზიან კერძს ისინი ვერ შეჭამენ. თბილისსა და ბათუმში ეს პრობლემები მოგვარებადია, მაგრამ საქართველოს სხვა ადგილას საკმაოდ რთულია.

ასევე რთულადაა საქმე გიდებთან მიმართებაშიც. ჩინელმა ტურისტებმა ინგლისური უმეტესწილად არ იციან და ჩვენთან, სადაც პროფესიონალი გიდების პრობლემაა, მითუმეტეს, ჩინურის მცოდნეები ძალიან ჭირს. გვყავს ასეთები, მაგრამ ძალიან ცოტა. ამიტომ, თუ ჩინელები მასიურად შემოვლენ, მათი მომსახურება ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

მან ყურადღება კიდევ ერთ პრობლემაზე - ბიზნესის კეთების კუთხით მათ დამოკიდებულებაზე გააკეთა.

„მათი მიდგომები ბევრად განსხვავდება დასავლური მოდელისგან და თუ არ იცი ეს სპეციფიკა, რთულია, ხელი მოაწერო ხელშეკრულებას და დაიწყო ტურისტების შემოყვანა. ამას გამოცდილება და დრო სჭირდება.

თუ დროთა განმავლობაში ვერ უზრუნველვყოფთ ჩინელი ტურისტების მომსახურებას, რაღაც პერიოდის მერე ისინი ჩამოიყვანენ ჩინეთიდან გიდებს, გადაამზადებენ და მოარგებენ აქაურ ბაზარს. ეს გარდაუვალია“, - ამბობს იგი.

ეკა დარჩიაშვილი