სახელმწიფო უწყებების პრემია-დანამატებზე 413,6 მლნ ლარი გაიცა - ვინ აიღო ყველაზე მეტი

სამინისტროებში პრემია-დანამატების მოცულობა 21,1 მლნ ლარით გაიზარდა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2023 წელს სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 413,6 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 362,2 მლნ დანამატზე, ხოლო 51,4 მლნ პრემიაზე მოდის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 392,5 მლნ ლარი შეადგინა (პრემია - 40,2 მლნ ლარი, დანამატი - 352,3 მლნ ლარი) შედეგად გამოდის, რომ გასულ წელს 21,1 მლნ ლარით მეტი გაიცა.

აღსანიშნავია, რომ შარშან ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა - 134 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 32,4%-ს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატი გაიცა სამინისტროებში 2023 წელს:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1,6 მლნ ლარი დანამატი, 1,8 მლნ პრემია
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 212 890 ლარი დანამატი, 211 885 ლარი პრემია
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 383 358 ლარი დანამატი, 731 580 ლარი პრემია
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 0 ლარი დანამატი, 97 354 ლარი პრემია
  • ფინანსთა სამინისტრო - 4,9 მლნ ლარი დანამატი, 2 მლნ პრემია
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 856 847 ლარი დანამატი, 1,1 მლნ პრემია
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 342 618 ლარი დანამატი, 744 676 ლარი პრემია
  • იუსტიციის სამინისტრო - 5,5 მლნ ლარი დანამატი, 6,1 მლნ პრემია
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1,6 მლნ ლარი დანამატი, 2,7 მლნ პრემია
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1,8 მლნ ლარი დანამატი, 772 935 ლარი პრემია
  • თავდაცვის სამინისტრო - 12,3 მლნ ლარი დანამატი, 293,626 ლარი პრემია
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 119 მლნ ლარი დანამატი, 15 მლნ პრემია
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1,8 მლნ ლარი დანამატი, 2 მლნ პრემია
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 304 684 ლარი დანამატი, 2,6 მლნ ლარი პრემია
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 2,5 მლნ დანამატი, 807 354 ლარი პრემია

ნინი ქეთელაური