რუსეთში ქართული პროდუქტების ექსპორტი 25.3%-ით შემცირდა - რა გავყიდეთ ყველაზე დიდი რაოდენობით?

რუსეთში საქართველოდან ადგილობრივი პროდუქტების ექსპორტი 25.3%-ით შემცირდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში საქართველოდან 79 909 800 აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 106 977 600 აშშ დოლარი იყო. მიუხედავად მაჩვენებლის შემცირებისა, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში რუსეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ტოპ-5 ადგილობრივი პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 35 978 350 აშშ დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 11 677 320 აშშ დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 7 950 990 აშშ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 7 588 200 აშშ დოლარი;
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 4 911 020 აშშ დოლარი.

თაია არდოტელი