ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროექტში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიას სტადიონის მშენებლობის გამოცდილების არქონაში ადანაშაულებენ

აჭარის მთავრობა საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრები საუბრობენ. ბათუმში, დღეს, სტადიონის მშენებლობის ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა გელა დეკანაძემ პოლონური კომპანია Perbo Invest-ის მიერ აჭარის ხელმძღვანელობისადმი მიწერილი საპრეტენზიო წერილი გაასაჯაროვა.

როგორც გელა დეკანაძემ განმარტა, წერილი ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროექტში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიას Iberproex Engineering & Project Management-ს ეხება, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ კომპანიას სტადიონის მშენებლობის გამოცდილება არ აქვს და ის მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღო. გელა დეკანაძის თქმით, გამარჯვებული პროექტი ძვირადღირებულია და არ არის ბათუმის კლიმატზე მორგებული.

"აჭარის მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიაც ცნობილია. თუმცა, კონკურსის მონაწილე პოლონურმა კომპანიამ საპროტესტო წერილით მიმართა აჭარის მთავრობას. პოლონელები აპროტესტებენ იმას, რომ გამარჯვებული კომპანიის შერჩევა კორუფციული გარიგებით მოხდა. აქედან გამომდინარე, მრავალი კითხვის ნიშანი ისმის და პრაქტიკულად, საერთაშორისო სკანდალშია გახვეული აჭარის მთავრობა. ამ წერილს მალავდნენ მთავრობის წევრები. აჭარის მთავრობის წევრებს მივმართავთ, გადახედონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და "ნაციონალური მოძრაობის" დროს შექმნილი პროექტის განხორციელებაზე იფიქრონ", - აღნიშნა გელა დეკანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ უპასუხა. დავით ბალაძის განმარტებით, პროექტი სპეციალურმა კომისიამ მოიწონა და მის განხორციელებას მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს. "სტადიონთან დაკავშირებით კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით იყო ჩატარებული. გამარჯვებული კომპანიაც იყო კანონის დაცვით შერჩეული. "ნაციონალური მოძრაობის" პროექტი არ ერგებოდა ბუნებრივ პირობებს, რადგან გახსნილი იყო სტადიონი და ზღვასთან სიახლოვის გამო პრობლემები იქნებოდა. ნებისმიერ კომპანიას ექნება თანაბარი პირობები და თუ რაიმე კანონდარღვევა მოხდება, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები", - აღნიშნა დავით ბალაძემ.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის კონკურსზე ესპანური კომპანია 22 წევრიანმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. წარმოდგენილი იყო სულ 11 პროექტი. 20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა კონცერტების გამართვა იქნება შესაძლებელი. სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.