"შატილის, მუცოსა და ხევსურეთის სხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხოა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მეწყერი დაუსახლებელ ადგილას ჩამოწვა, რომელიც არ შედის ტურისტული მარშრუტების სიაში.

ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში ჩამოწოლილ მეწყერს ეხება. "მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ანზაკის ხეობაში ადგილი ჰქონდა მეწყერული პროცესების გააქტიურებას.

შემთხვევა დაუსახლებელ პუნქტში, შატილიდან 25 კმ-ში მოხდა. ეს ადგილი არ შედის ტურისტული მარშრუტების სიაში და შესაბამისად შატილის, მუცოსა და ხევსურეთის სხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხოა. გახსნილია ჟინვალი- ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა", - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანზაკის ხეობაში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი.

მწყემსი ღამის გასათევ ადგილზე იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.