რა ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს საბერძნეთთან - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

საქართველო-საბერძნეთი დღეს, 26 მარტს 21:00 საათზე ისტორიული მატჩისთვის ემზადება. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს საბერძნეთთან. მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა, იმპორტი, ადგილობრივი ექსპორტი და ფულადი გზავნილები გაზრდილია, უფრო კონკრეტულად, შედეგები ასე გამოიყურება:

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და საბერძნეთის სავაჭრო ბრუნვა 118%-ით გაიზარდა და 22,536 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასულ წელს ბრუნვა 10,332 მლნ დოლარი იყო.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში საქართველოში საბერძნეთიდან იმპორტი 70%-ით გაიზარდა. გასული წლის იმავე პერიოდში თუ 9,701 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა საქართველოში, მიმდინარე წლის პირველ 2-თვეში 16,540 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში საბერძნეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი 5 პროდუქტი ვიყიდეთ:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11 474 მლნ დოლარის
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1 342 მლნ დოლარის
  • სამკურნალო საშუალებები დაუფასოებელი - 482 ათასი დოლარი
  • საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე - 253 ათასი დოლარის
  • გრაფიტი - 162 ათასი დოლარის

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2024 წლის პირველ 2-თვეში საბერძნეთში ქართული წარმოების პროდუქციის იმპორტი 917%-ით გაიზარდა. კერძოდ, ამ პერიოდში საბერძნეთში ადგილობრივ ექსპორტზე გავიტანეთ 5,942 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი. გასული წლის იმავე პერიოდში კი მაჩვენებელი 584 ათას დოლარს შეადგენდა.

საბერძნეთში ადგილობრივ ექსპორტზე გავიტანეთ 5 ძირითადი პროდუქტი:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 4,405 მლნ დოლარის
  • ფანერა და ხის პანელები - 1,144 მლნ დოლარის
  • თხილი და სხვა კაკალი - 116 ათასი დოლარის
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი - 67 ათასი დოლარის
  • თამბაქოს ნედლეული - 64 ათასი დოლარის

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები დაახლოებით 5.1%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საბერძნეთიდან 37,461 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან საბერძნეთში 3,082 მლნ დოლარი. მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში საბერძნეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 35,433 მლნ დოლარი იყო, საქართველოდან საბერძნეთში კი, 3 003 მლნ დოლარი.

მერი ტაბატაძე