მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას სიცრუეს და აბსურდს უწოდებს. ნუგზარ ყიფიანი აცხადებს, რომ მას არც უფლებამოსილება და არც სურვილი გააჩნია, შეაფერხოს მუზეუმის მშენებლობა.

ნუგზარ ყიფიანის თქმით, დიმიტრი ხუნდაძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც მცხეთის გუბერნია ქალაქის მუზეუმის მშენებლობას აფერხებს, აბსურდია. "დეპუტატის ბრალდებებს რბილად რომ ვთქვა, არ ვიზიარებ და ჩემთვის გაუგებარია. ის, რომ ჩვენ ხელს ვუშლით მუზეუმის მშენებლობას, მისი ფიქრებია და არა არგუმენტები. რაში სჭირდება მას ეს ბრალდებები, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში გაირკვევა. ქალაქში არსებობს მერია, თვითმმართველი ორგანო. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, აწერს ხელს ან არ აწერს ხელს საბუთებს. უფლებამოსილება მსგავს საკითხებზე არის მერის მოვალეობა", - განაცხადა ნუგზარ ყიფიანმა.

მისი თქმით, გუბერნიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან არაოფიციალური წერილი მიიღეს ელექტრონულ ფოსტაზე. ყიფიანის ინფორმაციით, სააგენტო სთხოვს გუბერნიას დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მუზეუმის მშენებლობაზე. ყიფიანი ამბობს, რომ ის "ორივე ხელით" თანახმაა.  "მე ვემხრობი ქალაქ მცხეთაში "ორივე ხელით" მუზეუმის მშენებლობას. მეტსაც გეტყვით, ძალიანაც რომ მინდოდეს, მე აღნიშნულ პროცესს ხელს ვერ შევუშლი", -განაცხადა ნუგზარ ყიფიანმა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნია ხელს უშლის მუზეუმის პროექტის განხორციელებას, - ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს ქალაქ მცხეთაში კონტროლის პალატის შენობის სარდაფში განთავსებული სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებისას განუცხადა.

დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ექსპონატები მუზეუმის დირექტორ ნიკოლოზ მაისურაშვილთან ერთად დაათვალიერა. დეპუტატის თქმით, უკვე შერჩეულია შენობა, ასევე არსებობს მისი პროექტიც და მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილია ორი მილიონი დოლარი, რათა აღნიშნული სამუზეუმო ექსპონატების გადატანა მოხდეს შესაბამის პირობებში. თუმცა ხუნდაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პროექტის დაწყებას აჭიანურებს. დეპუტატის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ შენობა, სადაც მცხეთის მუზეუმის განთავსება იგეგმება, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიას და გუბერნიაზე პასუხისმგებელ პირს ნუგზარ ყიფიანს სხვა მიზნებისთვის სჭირდება.