გერმანიაში სტუდენტური ვიზის მფლობელებს სამუშაოდ გასვლის უფლება მიეცათ, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისინი დასაქმებას არასპეციალობითაც შეძლებენ. ამას კვალიფიციური მუშახელის კანონი ითვალიწინებს, რომლის მეორე ნაწილი ძალაში მიმდინიარე თვეს შევიდა. ინფორმაციას Forbes Education ავრცელებს.
უკვე ამოქმედებული კანონი სტუდენტებს, სტაჟირების მსურველებსა და გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს ეხება. ბევრ უცხოელს შესაძლებლობა მიეცა, ქვეყანაში უფრო მარტივად და სწრაფად დასახლდეს.
კერძოდ, სტუდენტებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ამიერიდან გერმანიაში ჩასვლა სწავლის დაწყებამდე ცხრა თვით ადრე შეუძლიათ. ეს დრო მათ, სწავლების მიხედვით, ინგლისური ან გერმანული ენის კურსის გასავლელად, ასევე, განაცხადის მოსამზადებლად და ქვეყნის გასაცნობად ეძლევათ. ამასთან, სტუდენტებს კვირაში 20 საათამდე, ანუ წელიწადში 120-140 სრული დღით მუშაობის უფლება მიეცათ. ახალი წესები დაბალშემოსავლიანი ოჯახების სტუდენტებს მეტად დაეხმარება.
სტაჟირების მსურველები მუშაობას ცხრა თვე კვირაში 20 საათის განმავლობაში შეძლებენ. მათთვის ძირითადი მოთხოვნა B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნა და 35 წლამდე ასაკია.
ამასთან, გერმანიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს პროფესიის შეცვლა და მუდმივ საცხოვრებლად დოკუმენტაციის წარდგენა გაუადვილდათ. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს უნივერსიტეტის დამთავრებიდან გერმანიაში 18 თვემდე დარჩენის უფლება სამუშაოს მოძიების მიზნით მიეცათ, ხოლო ორი წლის მუშაობის შემდეგ ისინი მუდმივ საცხოვრებლად განაცხადის შეტანას შეძლებენ. გერმანიაში ჩასვლა უცხოური უნივერსიტეტების ან პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებსაც შეუძლიათ, თუ მათ თავიანთ სფეროში ორწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ.
კვალიფიციური მუშახელის აქტი გერმანიის ეკონომიკის მხარდასაჭერად შეიქმნა, რადგან, ექსპერტების შეფასებით, გერმანიაში მუშახელის სერიოზულ დეფიციტია. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში Reuters წერდა, რომ ქვეყანაში 1,8 მლნ ღია ვაკანსია დაფიქსირდა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს გერმანიაში მოთხოვნადი სპეციალისტების ტოპ 20-ეულში ისეთი დარგებიც შევიდა, როგორიც არის მებაღეობა, მეცხოველეობა, ხის დამუშავება, საბურავების მორგება და ლითონის დამუშავება.
ცნობისთვის: გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის შესახებ კანონის პირველი ნაწილი ძალაში 2023 წლის ნოემბერში შევიდა. ამან, ძირითადად, “ევროკავშირის ლურჯი ბარათის” მიღების პროცედურა გაამარტივა. კანონის მესამე ნაწილი მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება, რომლის საფუძველზეც, სხვა საკითხებთან ერთად, „შესაძლებლობების ბარათი,“ Chancenkarte დაწესდება. რეალურად ეს ბინადრობის ნებართვა იქნება, რომლითაც უცხოელები გერმანიაში სამუშაოს მოძიებას შეძლებენ. ბარათი ერთ წლამდე გაიცემა, თუმცა ვადის კიდევ ორი წლით გაგრძელება შესაძლებელი იქნება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ