SWIFT ციფრული ვალუტის პლატფორმას ჩაუშვებს

საბანკო შეტყობინებების გლობალური ქსელი, SWIFT-ი მომდევნო ერთ-ორ წელიწადში ციფრული ვალუტის ახალი პლატფორმის ჩაშვებას გეგმავს, რომ ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები მოქმედ ფინანსურ სისტემას დაუკავშიროს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკების, დაახლოებით, 90% თავისი ვალუტის ციფრულ ვერსიას იკვლევს. მათი უმეტესობა ცდილობს, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის განვითარებას არ ჩამორჩეს, თუმცა ტექნოლოგიურ გამოწვევებს აწყდება.

SWIFT-ის ინოვაციების მთავარი ოფიცერი, ნიკ კერიგანი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტის ახალი პლატფორმის ბოლო დატესტვა ექვსი თვე გრძელდებოდა და მასში ცენტრალური, კომერციული ბანკებისა და ანგარიშსწორების პლატფორმების ჯგუფის 38 წევრი მონაწილეობდა. მისი თქმით, ეს სხვადასხვა ქვეყნის CBDC-ით (Central Bank Digital Currency), ანუ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტითა და “ტოკენირებული” აქტივებით თანამშრომლობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტი იყო.

ნიკ კერიგანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყნის CBDC-ები შესაძლოა, ერთად იქნეს გამოყენებული, თუნდაც ისინი სხვადასხვა საბაზისო ტექნოლოგიაზე ან „პროტოკოლზე“ იყოს აგებული, რითიც გადახდის სისტემის ფრაგმენტაციის რისკები მცირდება. ამასთან, დადგინდა, რომ CBDC-ები შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს უაღრესად რთულ ვაჭრობაში ან სავალუტო გადახდებში და პოტენციურად იქნეს ავტომატიზებული პროცესების დაჩქარებისა და ღირებულების შესამცირებლად.

CBDC-ები უკვე მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბაჰამის კუნძულები, ნიგერია და იამაიკა. ჩინეთი ელექტრონული იუანის რეალურ ტესტირებაში მეტად დაწინაურდა. ასევე, ციფრულ ევროს ავითარებს ევროპის ცენტრალური ბანკიც, ხოლო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკის გლობალურ ქოლგა-ჯგუფს წარმოდგენს, მრავალ ტრანსსასაზღვრო გამოცდას ატარებს.

SWIFT-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი ქსელი 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და 11,500-ზე მეტ ბანკსა და ფონდს აკავშირებს, რომლებიც მას ყოველდღიურად ტრილიონობით დოლარის გასაგზავნად იყენებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ