„2-3 წელი გაურკვევლობები იქნება, სტატისტიკის ხარვეზები კი შემდეგ გასწორდება“ - ბიზნესი ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევაზე

„გვაკლია პოლიტიკური ნება“, - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სადაზღვევოს ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევის შემოღებას.

ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევის შესახებ კანონპროექტი შემუშავებულია. პარლამენტი აპირებდა განხილვას საგაზაფხულო სესიიდან დაბრუნდებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილება კანონპროექტი და იქცევა თუ არა კანონად.

როგორც ხეჩინაშვილი ამბობს, ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეფექტურად მუშაობს. თუმცა, საქართველოს ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევა არაპოპულარულია.

„ტექნიკურად ხარვეზები გვაქვს, მათ შორის ცოდნაში, ვიცით 1,7 მლნ-ზე მეტი რეგისტრირებული და აქტიური მანქანა არ ვიცით რამდენია. ეს გამოჩნდება სწორედ დაზღვევის მომენტში. თუ 5 მანქანა ჰყავს ვიღაცას და ყველა აქტიურია, ხუთივესთვის უნდა იყიდოს დაზღვევა. ეს არ არის დაბრკოლება იმიტომ, რომ ჩვენ შევქმენით უნიკალური სისტემა, რომელიც ამას ითვალისწინებს - პირველი 2-3 წელი გაურკვევლობები იქნება, სტატისტიკის ხარვეზები კი შემდეგ გასწორდება. ახლა არის საუბარი იმაზე, როდის? ეს არ არის ბიზნეს პროექტი, ამით არ გამდიდრდება სადაზღვევო ინდუსტრია. მსოფლიოში ამით არავინ გამდიდრებულა. ეს არის სოციალური პროექტი და ადამიანების დაცვა დამზარალებლისა და დაზარალებულისთვის. სადღაც 150 000 ავტოშემთხვევა ხდება წელიწადში, იმალება ისინი, რადგან მექანიზმები არ არის ჩართული და არ ჩანს. ჩვენ ვიცით ისიც, რომ ეს არის მსოფლიოში სრულად აპრობირებული ხერხი რისკების და ხარჯების მხრივ. სურათი შეიცვლება ასე, აღარავინ იჩხუბებს ქუჩაში, ყველა იქნება გაღიმებულად, მოიკითხავენ ერთმანეთის ჯანმრთელობას, იმიტომ, რომ ფინანსური ნაწილი იქნება დალაგებული. მსოფლიოში ეს ყველგან მოქმედებს, ე.ი ეს სწორია და კარგა. ეს იცის მთავრობამაც, დაიხარჯნენ ამის მომზადებაში, ორიგინალური სისტემაა შექმნილი“, - აღნიშნა მან.

ჯერჯერობით უცნობია, მესამე პირის მიმართ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა როდის გახდება სავალდებულო ან რა ფორმით შევა კანონი ძალაში.

მერი ტაბატაძე