Wizz Air-ის ბილეთების ფასი 50%-ით გაიზარდა - როგორ აისახება ეს ტურისტულ კომპანიებზე

Wizz Air-ის ბილეთები თითქმის ყველა მიმართულებით მინიმუმ 50%-ით გაძვირებულია. ბილეთების ფასის ზრდას წინ უძღოდა ავიაკომპანიის პრობლემა Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებით და ათობით ფრენების შეწყვეტა ევროპის მასშტაბით.

მგზავრები Wizz Air-ს ხშირად მისი დაბალი ფასის გამო ირჩევდნენ. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, აისახა თუ არა საქართველოში არსებულ ტურისტულ კომპანიებზე ფასების ზრდა, გაიზარდა თუ არა ფასები ტურებზე და მგზავრთა რაოდენობა რა ნიშნულზეა.

როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ Oktravel-ის ოპერატორი, თამარ ფარცვანია აცხადებს, ზამთართან შედარებით, ტურების ღირებულება გაზრდილია 50%-ით, რაც უკავშირდება Wizz Air-ის ფასების ზრდას.

„ზამთრის პერიოდთან შედარებით, მომატებულია Wizz Air-ის ფასები დაახლოებით 50%-ით მაინც. ეს გავლენას არ ახდენს ჩვენს ტურისტულზე, ვისაც შეძენა სურს, მაინც ყიდულობს ბილეთებს. ზამთართან შედარებით ინდივიდუალური ტურების ღირებულება დაახლოებით 50%-ით გაიზარდა“, - განაცხადა თამარ ფარცვანიამ.

„ვოიაჟერ 365“-ის გენერალური დირექტორის ნუნუკა ბოკუჩავას თქმით, მომხმარებლები Wizz Air-ის ბილეთებს აღარ ყიდულობენ, რადგან მისი ფასი Pegasusu Airlines-ისა და turkish Airlines-ის ფასებს გაუტოლდა, შესაბამისად, მგზავრებს ურჩევნიათ მცირედი თანხა დაამატონ და ფრენა თბილისიდან განახორციელონ.

„მომხმარებლები რეალურად აღარ ყიდულობენ მათ ბილეთებს, ურჩევნიათ, რომ თბილისიდან წავიდნენ, რადგან Wizz Air ფასი გაუტოლდა პეგასუსს, თურქიშს და სხვა ავიაკომპანიებს. Wizz Air-ის საიტი საერთაშორისოა, ტურისტულებზეც იგივე ფასები აქვთ, შესაბამისად, Wizz Air სარგებლობისას გაიზარდა ტურების ფასები, მაგრამ მომხმარებლებს მაინც ურჩევნიათ, რომ პირდაპირი რეისით წავიდნენ და თანხა გადაიხადონ“, - ამბობს ნუნუკა ბოკუჩავა.

Ntravel kutaisi-ს დირექტორი ნანი ზაუტაშვილი ამბობს, რომ მათი გაყიდვების 85-90% Wizz Air-ზე მოდის, ფასის ზრდის მიუხედავად კი, მოთხოვნა არ შემცირებულა. რაც შეეხება ტურების ღირებულებას, Ntravel kutais-ში აცხადებენ, რომ შეძლეს ზოგ მიმართულებაზე ფასები შეენარჩუნებინათ.

„მგზავრებს ყოველთვის ვთავაზობთ ამ ავიაკომპანიით სარგებლობას, რადგან ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეისები ძალიან კომფორტულია. ავიაკომპანიას ზოგიერთ მიმართულებაზე ფასების ზრდა მოუწია, რამაც ჩვენი მიზნები, რომ მგზავრს შევთავაზოთ ბიუჯეტურად მოგზაურობა, შეცვალა, თუმცა დარჩა მიმართულებები, სადაც ისევ არის ბიუჯეტურად მოგზაურობა შესაძლებელი და მგზავრებს ამ ალტერნატივებს ვთავაზობთ. Wizz air-ის ავიაბილეთებზე მოთხოვნა ისევ იმ სიხშირითაა, პირიქითაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, დიდია დაინტერესება ევროპის ან ემირატების მიმართულებით“, - განაცხადა ნანი ზაუტაშვილმა.

კიდევ ერთი ტურისტული კომპანიის, Turebi.ge-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ადამია გვიყვება, რომ ფასის ზრდის მიუხედავად, Wizz Air-ის ავიაბილეთებით კვლავ სარგებლობენ, რადგან მოთხოვნადი ავიაკომპანიაა. რაც შეეხება ტურების ფასს, ამ შემთხვევაშიც გაზრდილია.

„ფასები გაზრდილი არის ნამდვილად, პერიოდულად აქვთ აქციები მაგრამ ამ აქციებთან შედარებით მაინც ითვლება, რომ ზაფხულის სეზონი რომ შევადაროთ ზამთრის სეზონს, ფასები არის საკმაოდ გაზრდილი - ფაქტობრივად, გაოთხმაგებულია. ვთანამშრომლობთ Wizz Air-თან, რადგან საქართველოს ბაზარზე არის მოთხოვნადი ავიაკომპანია, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირდაპირი რეისები აქვს ევროპის ბევრს ქალაქში და თბილისიდან არ გვაქვს ამდენი მიმართულებით პირდაპირი რეისები. ტურებზე გაგვეზარდა ფასები. ჩვენი მომწოდებლები არიან ძირითადად ავიაკომპანიები, სასტუმროები, ტრანსფერები და ჩვენი პაკეტის ფასებიც განისაზღვრება მათი მხრიდან მოწოდებული ღირებულების მიხედვით“, - განაცხადა ნინო ადამიამ.

მერი ტაბატაძე