შუამავლის მსხვერპლი ქართველები, რომლებსაც თურქეთში დასაქმება სურთ

"შუამავლები ქართველები არიან, რომელთა დიდ ნაწილს პასპორტი გაფუჭებული აქვს და მაინც იქ არიან"

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, თურქეთში სამუშაოს საძიებლად სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აჭარიდან. აღნიშნული ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც თურქეთში გადასვლა ID ბარათებითაც გახდა შესაძლებელი.

ID ბარათებით თურქეთში საქართველოს მოქალაქეს 180-დღიან პერიოდში მხოლოდ 90 დღით დარჩენა შეუძლია. აღნიშნული ვადით სარგებლობენ დაუსაქმებელი ადამიანები და ზაფხულის პერიოდში, სეზონური სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თურქეთში გადადიან. მათი დიდი ნაწილი ჩაისა და თხილის პლანტაციებში და ხეხილის ბაღებში სამუშაოდ მიდის. სხვა სეზონზე კი თურქეთში ქართველები ძირითადად ქარხნებში, ფაბრიკებში, მომვლელებად მუშაობენ.

თურქეთში დროებით სამუშაოზე დასაქმებულთა დიდი ნაწილი თურქი დამსაქმებლების მიერ არასამართლიან მოპყრობასა და დამცირებაზე საუბრობს.

"სამი თვე ვიყავი სტამბოლთან ახლოს ტანსაცმლის ქარხანაში, სადაც ტანსაცმლის დაკეცვა მევალებოდა. იყო დამცირების შემთხვევები. უფროსები თავზე გვედგნენ და გვიყვიროდნენ. მიზერული ხელფასი გადაგვიხადეს, თურქებს უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ. გარდა ამისა, თურქს რომ რამე დაეშავებინა, უფროსი ჩვენ გვეჩხუბებოდა. ძალიან გვამცირებდნენ. ქართველ ქალს იქ წასვლას არ ვურჩევ, სულ მშიერი რომ დავრჩე, იქ აღარ წავალ", - ამბობს 37 წლის ინეზა.

"ქართველებს სხვა თვალით, ზემოდან უყურებენ. იქ ჩასულს ისე გიყურებენ, როგორც უპატრონოს. სულ მეკითხებოდნენ დედ-მამა თუ გყავს და სახლი თუ გაქვსო. პატარა საქართველო გეგონება სტამბოლი. ათასში ერთია რომ გაუმართლოს და ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეს. თუ ციხეში მოხვდი, საშინელი პირობებია და თუ საქართველომ არ მოითხოვა შენი გადაცემა, იქნები იქ",- აღნიშნა bpn-თან საუბრისას 26 წლის გიგამ.

თურქეთში დასაქმების მსურველ ქართველებს სამუშაოს პოვნაში ე.წ შუამავლები ეხმარებიან. შუამავლები ქართველები არიან, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დასაქმების მსურველს სამსახურს აწყებინებენ. თუმცა, თურქეთში დასაქმების მიზნით წასულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი შუამავლების მოტყუების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან.

"ყველაზე დიდი პრობლემა შუამავლები არიან. ეგენი რომ არ იყვნენ, უფრო კარგი იქნებოდა ყველაფერი. მაგრამ სხვა გზა არაა. აქედან პირველად რომ მიდიხარ, ვიღაცამ ხომ უნდა წაგიყვანოს. გლეხის ნამუშევარს გამოდის შუამავლები ჭამენ. შუამავლები ქართველები არიან, რომელთა დიდ ნაწილს პასპორტი გაფუჭებული აქვს და მაინც იქ არიან. სანამ გასდით, ჩვენნაირების მოტყუებით აკეთებენ ფულს. გეუბნება, რომ გექნება კარგი ხელფასი, მაგალითად 800-900 დოლარი, პირველი თვის ნამუშევარს თვითონ გართმევენ და მერე იკარგებიან. ტელეფონსაც თიშავენ. მეორე თვიდან რამდენს გადაგიხდის დამსაქმებელი, აღარ აინტერესებს. მე ერთმა ქალმა წამიყვანა, სულ ათი კაცი ვიყავით და მოგვატყუა. ძალიან ცუდ დღეში ჩაგვყარა. ჩაგვიყავანა სტამბოლში ერთი ავტობუსი ხალხი, ფული გამოგვართვა და დაიკარგა", - აღნიშნა გიგამ, რომელიც ბოლო სამი წელი სტამბოლში ხალიჩების სამრეცხაოში მუშაობდა.  

"სადაც ქართველები არ არიან, იქ საქმე არ არის გაფუჭებული. თავიდან შუამავლის გარეშე წავედი. გავიგე, რომ ქალაქ აფიონში იყო სამუშაო მარმარილოს ცეხში, შუამავლისთვის არ მიმიმართავს. დამსაქმებელმა რა პირობებიც შემომთავაზა, დააკმაყოფილა. სამი თვე ვიმუშავე, მერე კი საამქრო დახურეს. ამიტომ აღარ ვაპირებ წასვლას. საერთოდ, წასული ქართველების 90 პროცენტი უკმაყოფილოა. კმაყოფილები იშვიათად არიან", - ამბობს 40 წლის კოტე.

მსგავსი ფაქტების შეგროვებაზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირი". ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახური თურქეთში უკვე ათ წელზე მეტია აკვირდება თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველების მდგომარეობას.

"აქ ჯგუფები მუშაობს, რომლებსაც გადაჰყავს ეს ადამიანები ვითომ ჩაის და თხილის საკრეფად, ან ქარხანაში მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. თუმცა, ეს ტყუილია. ჩვენ ოთხკაციანი ჯგუფი გავაგზავნეთ თურქეთში ჯინსების ფაბრიკაში სამუშაოდ და მათ ხელფასები არ მისცეს. ძალიან ცუდი ფორმით იკვეთება თურქული მხრიდან ჩვენს მოქალაქეებზე ზეწოლა", - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გია ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თურქეთში ქარხნებში მომუშავე ქართველებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. ხშირ შემთხვევაში, არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები.

"სარდაფებში მუშაობენ ხშირ შემთხვევაში, სადაც მხოლოდ ერთი სავინტილაციო მილია. იქ წასულები ამბობენ, პოლიციას რომ ვენახეთ იმ პირობებში, ორგანიზაციის ხელმძღვანელობას სერიოზული ჯარიმები ექნებოდაო. მათივე თქმით, გარეთ გამოსვლის საშუალებასაც არ აძლევდნენ და 20 დოლარის ნაცვლად, 5 დოლარს აძლევდნენ, ხანდახან არც იმას", - ამბობს გია ბურჯანაძე.

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ თურქეთში იმუშაოს ლეგალურად, მას სამუშაო ვიზა სჭირდება. თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, სამუშაო ვიზაზე განაცხადის გაკეთების მომდევნო სამუშაო დღეს მოქალაქეს ეძლევა სპეციალური ნომერი. აღნიშნული ნომრის საფუძველზე დამსაქმებელმა 10 სამუშაო დღის მანძილზე უნდა მიმართოს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსურველს სამუშაო ნებართვის ბარათი გადაეცემა.

საქართველოში თურქეთის საელჩოს მონაცემებით, 2013 წელს სულ 1 558 სამუშაო ვიზა გაიცა, 2014 წელს კი 1 685, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმების მიზნით თურქეთში ქართველების უმრავლესობა სამუშაო ვიზის აღების გარეშე მიდის, ვინაიდან არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი თურქეთში გაცილებით დიდია.

თამთა ჯიჯავაძე