აშენდება თუ არა ფარნავაზის სკვერში სასტუმრო

გაზეთ ”რეზონანსის” ინფორმაციით, თბილისში მალე შესაძლოა კიდევ ერთი სკვერი გადაიქცეს სასტუმროდ - ქეთევან წამებულის გამზირზე არსებულ სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას, 6-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. პროექტი უკვე შეთანხმებულია, საბოლოო ნებართვისათვის კი მერიაში დამკვეთის მიერ საჭირო დოკუმენტების წარმოდგენას ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ფარნავაზის ძეგლს და გაიჩეხება თუ არა სკვერში ხეები.

ამ სიახლემ საკრებულოს წევრების, გარემოს დამცველებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების პროტესტი მალევე გამოიწვია. სოციალურ ქსელებში თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტის მოწინააღმდეგეები პირობას დებენ, რომ კიდევ ერთი სკვერის დამახინჯებას და იქ შენობის ჩადგმას არ დაუშვებენ. შესაბამისად, 6 ივნისს დაგეგმილ აქციას კიდევ ერთი მოთხოვნა შეემატა.

მოგეხსენებათ, გაერთიანება "თბილისის SOS", რომელიც შეკრების ორგანიზატორია, თბილისელებს შაბათს საკრებულოსთან ელის, საიდანაც აბანოთუბნამდე მსვლელობა იგეგმება. ისინი მშენებლობების ხარჯზე მწვანე საფარის განადგურებისა და ისტორიულ უბნებში მაღალსართულიანი შენობების აგების აკრძალვას მოითხოვენ.

ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გაავრცელა. ამბობს, რომ მას მოსახლეობამ მიმართა, რის შემდეგაც ცნობა მერიაში გადაამოწმა.

"არქიტექტურის სამსახურში ამ პროექტით აღფრთოვანებულები არიან და მარწმუნებენ, რომ ძალიან მაგარია. წარმოუდგენელია, რადგან სასტუმრო პირდაპირ სკვერში შენდება! ასეთი არგუმენტი მითხრეს - ისტორიულად მანდ შენობა იდგაო. ისტორიულად სამეფო სასახლე ნარიყალაში იდგა და გორგასლის ადგილას ჯერ ციხესიმაგრე იყო, შემდეგ - კი საპატიმრო. ავაშენოთ მაშინ ორივეგან კორპუსები.

"ეს ქალაქის სიძულვილია. ნარმანიამ თბილისის სიძულვილით უკვე გიგი უგულავასაც გადაასწრო. უგულავა აღნაგობითა და გამომეტყველებით კი არ გვძულდა, მისი საქმეები არ მოგვწონდა - ის, რომ კიკვიძის პარკი გაჩეხა და შსს-ს შენობა ააშენა, ვაკის პარკში რომ სასტუმროს აშენებას იწყებდნენ და ა.შ. ამ საქმეებისა და მავნებელი გადაწყვეტილებების გამო ვაკრიტიკებდით. ამ მავნებლობას ვინ ჩაიდენს, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? უგულავა მოჭრის ხეებს და სკვერში შენობას ჩადგამს, თუ ნარმანია, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია.

"მირზა შაფის საძაგელი პროექტი უგულავას დროს დაიგეგმა და ნარმანიამ გაიმეორა. სკვერებში სასტუმროების მშენებლობას ასევე იმეორებს. არაფერი შეცვლილა. მერიაში ან აბსოლუტური უვიცები მუშაობენ, ან გახრწნილი კორუმპირებულები. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. ყოველდღე ახალ და გამაოგნებელ რაღაცას იფიქრებენ. დღე არ გავა, რომ თბილისთან დაკავშირებით ახალი სისაძაგლე არ გავიგოთ", - ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, სასტუმროს აშენებას არ დაუშვებენ და ამის წინააღმდეგ ყველაფერს გააკეთებენ. კონკრეტული გეგმები ჯერ დასახული არ არის, თუმცა პირველი ნაბიჯების გადადგმას 6 ივნისის აქციაზე გეგმავენ.

"გვეხმარებიან", რომ 6 ივნისს უფრო მძაფრი აქცია გამოვიდეს. ამ შენობის აშენებას არ დავუშვებთ. რომ ჰგონიათ, თანამდებობებზე მოკალათდნენ და რასაც უნდათ, იმას იზამენ, ძალიან ცდებიან. თავის დროზე უგულავას დავუმოკლეთ ხელები და ნარმანიასაც იგივეს ვუზამთ. გამორიცხულია, რომ მაგ სკვერში შენობა აშენდეს. აგერ ნახავთ, რას მიიღებს მერია ამ გადაწყვეტილებისათვის", - აცხადებს დეპუტატი.

მერიაში ადასტურებენ, რომ მშენებლობის პროექტი არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია, თუმცა საბოლოო ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.

"პროექტი საბჭოზე იყო გასული და შეთანხმდა. საბოლოო შეთანხმებისათვის განმცხადებელმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, რაც იმ კონკრეტულ ადგილას მშენებლობის დასაწყებადაა საჭირო", - განგვიცხადეს მერიაში და დასძინეს, რომ დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

რაც შეეხება დამკვეთის ვინაობას, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ მშენებლობის დამკვეთი მოქალაქე ნიკოლოზ ოკლეია. მიწის ნაკვეთის ფართობი, რასაც შენობა თუ დამატებითი ინფრასტრუქტურა დაიკავებს, 703 კვადრატული მეტრია. შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე კი - 19.9 მეტრი.

თაკო მათეშვილი

გაზეთი "რეზონანსი"