„ხულო-ზარზმის გზის 8-წლიანი დაუსრულებელი რეკონსტრუქცია“ - რამდენი დავხარჯეთ და როდის დასრულდება პროექტი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის დაწყების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2016 წელს დააანონსა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჯამში 47 კმ-იან გზასა და 7 ხიდს უნდა ჩასტარებოდა. ამასთანავე, დაგეგმილი იყო 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

2017 წელს საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის დადებული კონტრაქტის მიხედვით, პროექტის ღირებულება 110 210 777 ლარს შეადგენდა. აქედან 24 მლნ ლარი საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2017 წელს უნდა აეთვისებინა, თუმცა მოგვიანებით გრაფიკი შეიცვალა.

2018 წლის 2 აგვისტოს სამუშაოების შესრულების მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან, 2020 წლის თებერვალში კი ხელშეკრულება შეწყდა იმ მიზეზით, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები არ დაიწყო.

2020 წლის ოქტომბერში კვლავ ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა, რომელსაც სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 95 მილიონიანი კონტრაქტი 2024 წლის 15 იანვარს შეუწყვიტა.

2021 წლის 18 ოქტომბერს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ140 - კმ142 და კმ147 - კმ149 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, დეპარტამენტმა 5 466 496-ლარიანი სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის 6 დეკემბერს ტენდერში შპს „არალმა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა. „არალს“ სამუშაოები 6 თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა თარიღი მოგვიანებით 2022 წლის სექტემბრამდე გადაიდო.

ხულო-ზარზმის გზის, რომელიც ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება, რეკონსტრუქციის დასრულების თარიღი არაერთხელ გადავადდა. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, როდის დასრულდება აღნიშნული გზის რეაბილიტაცია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განგვიცხადეს, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გარდა ამისა, „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, ამ დროის განმავლობაში, რა თანხა დაიხარჯა ხულო-ზარზმის რეკონსტრუქციისთვის. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმას მონაკვეთის (ლოტი -1 და ლოტი - 2) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციაზე ჯამში დაიხარჯა 44 478 596.74 ლარი და 8 754 202.28 დოლარი.

ცნობისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გოდერძის უღელტეხილს გაივლის და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

მერი ტაბატაძე