ძლიერმა წვიმამ ვარაზისხევიც დააზიანა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მითითებები მისცა.

როგორც დღეს დავით ნარმანიამ საგანგებოდ გამართულ თათბირზე განაცხადა, გუშინ დედაქალაქში საკმაოდ დიდი სტიქია იყო, რომელმაც დააზიანა სხვადასხვა უბნები.

"მადლობა ჩვენს სამსახურებს და საპატრულო პოლიციას, ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩვენთან ერთად ჩართულია ამ საკითხებში. ახლა უკვე ამინდი გამოკეთდა და ყველა არსებულ დაზიანებაზე, ყველა არსებულ პრობლემაზე დღეიდან უნდა ვიზრუნოთ. ვავალებ ზედამხედველობის სამსახურს, რაიონების გამგეობებთან ერთად, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით მიხედონ ამ საკითხებს. კეთილმოწყობის სამსახურს ევალება, რომ სანიაღვრე ქსელები და განსაკუთრებით დაზიანებული გზების მონაკვეთები, ასევე ქვაფენილები სწრაფ რეჟიმში აღადგინონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით დაზიანებულია მამადავითთან მისასვლელი გზა, ასევე - ვარაზისხევი. თბილისის მერიის მხრიდან, მათ შორის სანაპიროზე ჩასასვლელი ერთი მონაკვეთი, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მოხდა დაზიანება.

"აქტიურად უნდა გავიტანოთ ჩამოშლილი კლდის ნაწილები შესაბამის ადგილებზე, რათა პრობლემები არ შეექმნათ. შეფერხებები ამ დროის მდგომარეობით ყველგან აღმოფხვრილია. რაიონულ გამგეობებს ევალებათ, რომ სადაც იყო პრობლემები, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ მოსახლეობას. "თბილსერვისჯგუფმა" და "სინათლის ქალაქმა" იმავე რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, როგორც გუშინ ღამით და ასევე მოხდეს ზარალის დათვლა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს სთხოვა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად მიაწოდონ.