"ქართული ბაზარი უნიკალურია იმით, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს არ გვაქვს ერთმანეთში კონკურენცია"

”საქართველოში იზრდება მოთხოვნა ბოთლის ღვინოზე ქართველი მომხმარებლის, ან საქართველოში მოღვაწე და მომუშავე უცხოელების მხრიდან”

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ ხანებში ღვინის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებსა და მოთხოვნას. მათი გარკვეული ნაწილი საგანგებო რაოდენობრივი თუ თვისებრივი კვლევების საშუალებით სწავლობს ბაზრის კონიუნქტურას, მომხმარებლებელთა სხვადასხვა სეგმენტისთვის შეიმუშავებს აქციებისა და ფასდაკლებების სპეციალურ პაკეტებს და სხვ. აღნიშნულ ტენდენციას ღვინის ექსპერტების ნაწილი უკავშირებს ქართული ღვინის დომინანტ ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა) გარკვეული პრობლემების წარმოშობას. მათი აზრით, ამ ნეგატიურმა მოვლენამ, ერთი მხრივ, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, მეორე მხრივ კი - ადგილობრივი ბაზრის განვითარებას შეუწყო ხელი. ზოგიერთი კომპანია იმთავითვე დიდ ყურადღებას უთმობდა ლოკალური ბაზრის გამოწვევებს.

"ღვინის საინფორმაციო ცენტრი" ინტერესით ადევნებს თვალს აღნიშნულ ტენდენციებს და ამასთან დაკავშირებით, გარკვეული პერიოდულობით, გთავაზობთ ინტერვიუებს ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. პირველი ინტერვიუს რესპოდენტი, გახსოვთ, "შატო მუხრანის" გენერალური დირექტორი, პატრიკ ჰონეფი იყო. ამჯერად, ცენტრს "შუხმან ვაინს ბარმა" უპასპინძლა. ვესაუბრეთ კომპანია "შუხმან ვაინს ჯორჯიას" დირექტორს, ქალბატონ ნუცა აბრამიშვილს.

- მოგესალმებით, ქალბატონო ნუცა. გაგვაცანით, ვინ არიან "შუხმან ვაინს ჯორჯიას" პროდუქციის მომხმარებლები საქართველოში? ვგულისხმობთ ასაკობრივ, სოციალურ, ღირებულებრივ ჯგუფებს. ასევე, თქვენი მხრიდან რა სეგმენტებზე ხართ ორიენტირებულნი?

- მოგესალმებით. ყოველწლიურად, საქართველოში იზრდება მოთხოვნა ბოთლის ღვინოზე ქართველი მომხმარებლის, ან საქართველოში მოღვაწე / მომუშავე უცხოელების მხრიდან. ქართული ბაზარი, სხვადასხვა კულტურული და ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე, სპეციფიკური იყო. თითქმის, ყველა ოჯახში არსებობდა ბაბუის, მამის, ბიძის ღვინის კერძო რეზერვები, მარნები. ამ შემთხვევაში უფრო მეტად მოიხმარებოდა ჩამოსასხმელი ღვინო, საქართველოში ღვინის მოხმარების დიდი კულტურა არსებობს, თუმცა, ბოთლის ღვინის კულტურა, მაინც შემოსულია.

მართალია, ადგილობრივი ბაზრის ზედმიწევნითი აღრიცხვიანობა ვერ ხერხდება, თუმცა, შემიძლია, ზოგადად, ვისაუბრო "შუხმან ვაინს ჯორჯიას" ე.წ. სტეიკჰოლდერებზე, რაც, დაახლოებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, გამოიკვეთა. კომპანია განეკუთვნება უფრო მაღალი სეგმენტის კატეგორიას. რამდენადაც ის აწარმოებს მაღალი კლასის ღვინოებს, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, ხარისხს.

ძირითად სეგმენტს შეადგენენ 30-40 წლის ადამიანები, ჩამოყალიბებული გურმანები იმიტომ, რომ ღვინო არის ის პროდუქტი, რომელსაც ალკოჰოლური დანიშნულებით ნაკლებ იყენებენ, უფრო მეტად ეს არის გემოვნურ თვისებებზე ორიენტირებული პროდუქტი. ამ სეგმენტს წარმოადგენენ ჩამოყალიბებული გემოვნების მატარებელი, შემოსავლიანი ადამიანები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ღვინის გემოვნური თვისებები.

ჩვენ ვაკმაყოფილებთ ორივე მოთხოვნის / გემოვნების მომხმარებელს - ეს არის ქვევრის ღვინო და ეს არის ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინო და აქცენტს ვაკეთებთ ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს შეწყვილებაზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით "შუხმან ვაინ ბარში", რომლის დანიშნულებაა, საქართველოში ღვინის მირთმევისა და ქართული სამზარეულოს დაგემოვნების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბება.

- ხომ არ ჩაგიტარებიათ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების ან მომხმარებელთა ჩვევების კვლევები?

- კვლევების საფუძველზე, ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა დაინტერესება გასტრონომიის მიმართ. ამიტომ ჩვენ მოვიაზრებთ ღვინოს, როგორც ქართული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს და ყოველთვის ვაკავშირებთ ამ ორ მიმართულებას ერთმანეთთან. მათი შეწყვილება ჩვენი სტრატეგიაა, გარდა იმისა, რომ ეს არის ჩვენი ნება, განვავითაროთ მირთმევის კულტურა.

- რა ფორმით იღებთ უკუკავშირს მომხმარებლებისგან?

- უკუკავშირს ვიღებთ საკმაოდ აპრობირებული მეთოდებით - სოციალური კავშირები, სოციალური ქსელები, შეიძლება, ეს იყოს მეილინგ ლისტები, ჩვენი ახალი ღვინოების პერიოდული დეგუსტაციები, ასევე, ქსელებში ჩვენი პრომოების შედეგად მიღებული შენიშვნები და მოსაზრებები.

ჩვენ ყოველთვის გვაქვს პერსონალური დამოკიდებულება ჩვენი მომხმარებლებისადმი. ამის ძალიან კარგი პლატფორმაა ჩვენი ღვინის ბარი თბილისში და შატო - კახეთში, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილი რეგიონებში. აქ ჩვენ სეზონურად 10 000-ზე მეტ სტუმარს ვუმასპინძლდებით, ისინი არიან ჩვენი კულტურის მატარებლები და ელჩები თავიანთ ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ტურიზმიც საკმაოდ წამოიწია წინ უკანასკნელ წლებში, რაც, რა თქმა უნდა, ეხმარება ადგილობრივი ბაზრის განვითარებას.

იხილეთ სრულად