გიორგი კვირიკაშვილს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე ბევრი შეკითხვა აქვს

ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით "ბევრი შეკითხვა აქვს".

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან დიალოგი მიმდინარეობს და "პოზიციები დიალოგის პერიოდში გამოიკვეთება".

"ამასთან დაკავშირებით დიალოგი მიმდინარეობს. მე თვითონაც მაქვს ბევრი შეკითხვა და ამ დიალოგის პერიოდში გამოიკვეთება პოზიციები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ბიზნესის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს კრიტიკული პოზიცია აქვთ.