“მდგომარეობა საგანგაშოა”

“ევროოპტიმისტების“ დამფუძნებელი, რომან გოცირიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს დემოგრაფიულ სტატისტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მაგალითად მას მეზობელი სომხეთი მოჰყავს და წერს, რომ მილიონი მოსახლით ნაკლებ ქვეყანას, რომელმაც გასულ წელს საომარ მოქმედებებში 5 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი, გასული წლის მონაცემებით, დადებითი აქვს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სომხეთში, რომლის მოსახლეობა ერთი მილიონით ნაკლებია საქართველოს მოსახლეობაზე, რომელმაც 5 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა ბოლო საომარი მოქმედებების დროს, 2023 წელს 12 ათასით მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა, ანუ ბუნებრივი მატების მაჩვენებელი დადებითია. საქართველოში ათი წელიწადია, ეს მაჩვენებელი მკვეთრად კლებულობს და ბოლო ოთხი წელიწადია სიკვდილიანობა მეტია დაბადებულებთან შედარებით. დღეს გამოქვეყნდა გასული წლის მონაცემები და ქვეყანაში 2542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

მდგომარეობა საგანგაშოა. მთავარი მიზეზი ემიგრაციაა“ - წერლს რომან გოცირიძე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, გასულ წელს ცოცხლად დაბადებულთა შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).

ამავე მონაცემების თანახმად, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1%-დან 37.7%-მდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6%, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6%-დან 27.5%-მდე.

როგორც სტატსტიკიდან ჩანს, 2023 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5%-დან 24.6 %-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6%-დან 69.4%-მდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0%-დან 6.0%-მდე გაიზარდა.

ეკა დარჩიაშვილი