დღეიდან ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება

დღეიდან ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც 2023 წლის 18 აგვისტოს გამოიცა.

დადგენილების მიხედვით, ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში შემდეგნაირია:

nomeriii-1711954205.jpg

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა კი ასეთია, სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კიდესთან, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის ქვედა ნახევარზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ლათინური ასოებით დატანილია „TRANSIT“. მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება ნომერი და სერია (ოთხი ციფრი და სივრცის გამოტოვებით – ორი ლათინური ასო).

მოტოციკლის „შიდა ტრანზიტის“ ნიმუში

motoooo-1711954230.jpg

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა: სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კუთხეში, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ასევე ვერტიკალურად, ლათინური ასოებით, დატანილია „TRANSIT“. თეთრ ფონზე შავი წარწერით ზედა ნაწილში დაიტანება ნომერი (სამი ციფრი), ხოლო ქვედა ნაწილში − სერია (ორი ლათინური ასო).

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით, ავტომობილებსა და მოტოციკლებზე ტრანზიტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ნომრები გასული წლის 1-ლი ნოემბრიდან შეიცვალა. თუმცა, შიდა ტრანზიტულ ნომრებს ცვლილება 2024 წლის 1-ლი აპრილიდან შეეხო.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა, სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადება/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

რაც შეეხება ძველ ნომრებს, დადგენილების მიხედვით, მის ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტსა და ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.

ნინი ქეთელაური