საქართველოში 1 352 ირემი, 2 740 ჯიხვი და 300-ზე მეტი ქურციკია - რომელ ტერიტორიებზე ბინადრობენ

საქართველოში 1352 ირემი, 2 740 ჯიხვი და 300-ზე მეტი ქურციკია - ამის შესახებ აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაშია 688 მურა დათვი, 3 544 შველი, 178 - ფოცხვერი, 658 - არჩვი და 674 - ნიამორი.

ქურციკის რეინტროდუქციის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორცილდა ქურციკების (ჯეირნების) რეინტროდუქცია აზერბაიჯანიდან საქართველოში. რეინტროდუქცია წარმატებით მიმდინარეობს 2013 წლიდან დღემდე. პროექტი ხორციელდება WWF-კავკასიის ბუნების დაცვის ფონდის და TJS ფინანსური მხარდაჭერით. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 2023 წლის მონაცემებით, 300-ზე მეტი ქურციკია დაფიქსირებული.

ამასთან, სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, კეთილშობილი ირმის მონიტორინგი მიმდინარეობს 4 დაცულ ტერიტორიაზე - ბორჯომ- ხარაგაულის, თუშეთის, ლაგოდეხის, თბილისის ეროვნულ პარკში (გარდაბანი). 2023 წლის მდგომარეობით 1352 ირემი დაფიქსირდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით (1334 ინდივიდი) გაზრდილია 18 ინდივიდით.

ჯიხვის მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე – 2018 წლიდან, პირველად კავკასიაში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და ზაქათალას აღკვეთილში. პროექტის განმახორციელებელი NACRES. 2022-2023 წლების მდგომარეობით მხოლოდ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ჯიხვის დაახლოებით 700-მდე ინდივიდი.

კეთილშობილი ირმის რეინტროდუქციის პროექტები - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტი. კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს ნაკრესის მიერ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, დონორი BP - აღნიშნულია ანგარიშში.