Southwind Airlines-ს ევროკავშირმა საჰაერო სივრცე დაუხურა

ანტალიაში დაფუძნებულ Southwind Airlines-ს, რომელიც ჩარტერულ რეისებს თბილისიდანაც ასრულებდა, ევროკავშირმა თავის საჰაერო სივრცეში ფრენა რუსეთთან კავშირის გამო აუკრძალა. ინფორმაციას Turizm Guncel ავრცელებს.

მანამდე ფინეთის ხელისუფლებამ ჩაატარა გამოძიება და მივიდა დასკვნამდე, რომ Southwind-ი, რომლის ოფიციალური სახელი Cortex Aviation and Tourism Trade-ია, საკუთრებაზე ფაქტობრივი კონტროლის უმეტეს ნაწილს თურქეთში კი არა, რუსეთში ფლობს. ამის გამო ფინეთმა Southwind-ის ანტალია-ჰელსინკის რეისი გააუქმა, ხოლო 25 მარტიდან ავიაკომპანიას თავისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.

სამი დღის შემდეგ, 28 მარტიდან Southwind-ს ევროკავშირის თავზე ფრენა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ბრიუსელმაც აუკრძალა. კერძოდ, ევროკავშირმა გაერთიანების ყველა ქვეყანას ოფიციალურად აცნობა, რომ Southwind Airlines-ს, სანქციების რეგულაციების შესაბამისად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალა. ავიაკომპანია რეისების შესრულებას ბერლინში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, მიუნხენსა და შტუტგარტში, ასევე, საბერძნეთის ჰერაკლიონში გეგმავდა.

29 მარტს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ (ATOR) გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ტურისტებისთვის ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხიდან მოსკოვში ფრენა გადაიდო, რომელიც ავიაკომპანია Air Cairo-ს უნდა შეესრულებინა. ATOR-ის წყარო ვარაუდობს, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ ეს ავიაკომპანია Southwind-თან აფილირებულად მიიჩნია. ასევე, ტურისტებს, რომლებიც 30 მარტს მოსკოვიდან შარმ ელ-შეიხში Southwind-ის რეისით უნდა გაფრენილიყვნენ, სხვა ავიაკომპანია, AZUR Air-ი მოემსახურა, ფრენა კი შერემეტევოს ნაცვლად, ვნუკოვოს აეროპორტიდან შესრულდა.

ცნობისთვის, Southwind რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ სპეციალურად რუსი ტურისტების თურქეთში გადასაყვანად შეიქმნა. ჩარტერული ავიაკომპანია 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში დაარსდა. თურქულმა მედიამ ის „რუსების გადამყვან ავიაკომპანიად“ მონათლა. საავიაციო ბაზარზე გამოცემა „იზვესტიას“ თანამოსაუბრეები Southwind-ს რუსულ ჩარტერულ ავიაკომპანია Nordwind Airlines-თან და ტუროპერატორ Pegas Touristik-თან მჭიდროდ აკავშირებენ. ეს ტუროპერატორი Southwind-ის რეისებით საკუთარ ტურპაკეტებს ქმნის. საავიაციო ბაზრის წყაროები „იზვესტიასთან“ გასულ წელს აცხადებდნენ, რომ Southwind-ის ფლოტი ნაწილობრივ რუსული Nordwind Airlines-ის ყოფილი თვითმფრინავებისგან შედგება, ხოლო თურქული გადამზიდავის ფრენებში Nordwind-ის ეკიპაჟებიც მონაწილეობენ. Flightradar-ისა და Planespotter-ის შარშანდელი მონაცემებით, თურქულ ავიაკომპანიას თავის ფლოტში Airbuses-ისა და Boeing-ის რვა თვითმფრინავი ჰყავდა, მათ შორის, მხოლოდ სამი Boeing 737 MAX-ია. ავიაკომპანია კიდევ ერთ MAX-ს ელოდებოდა, რომელიც ადრე რუსული S7-ის ფლოტში შედიოდა.

გასული წლის ზაფხულში აშშ-ის ხელისუფლებამ Southwind-ს ამერიკული Boeing 737 MAX თვითმფრინავებით რუსეთში ფრენები დაუბლოკა.

Southwind Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანტალიის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი 2022 წლის 21 აგვისტოს შეასრულა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ