second-hand-ის გლობალური ბაზარი 18%-ით გაიზარდა და 197 მლრდ დოლარს მიაღწია

მეორადი ტანსაცმლის (second-hand-ის) გლობალური ბაზარი გასულ წელს ტრადიციულ საცალო ვაჭრობაზე უფრო სწრაფად იზრდებოდა. ამის შესახებ მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტპლეის ThredUp-ის ანგარიშში წერია, რასაც Women's Wear Daily (WWD) ავრცელებს.

კერძოდ, ThredUp-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ 2023 წელს second-hand-ის გლობალური ბაზარი, 2022 წელთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და მისმა ბრუნვამ 197 მლრდ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ზრდა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ტანსაცმლის საცალო ვაჭრობაზე, დაახლოებით, სამჯერ უფრო სწრაფად გაგრძელდება და 2028 წლისთვის 350 მლრდ დოლარს მიაღწევს.

ThredUp-ის მიხედვით, აშშ-ში 2023 წელს მეორადი ტანსაცმლის ბაზარი 11%-ით, 43 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც, ტანსაცმლის საერთო ბაზართან შედარებით, შვიდჯერ უფრო სწრაფი ზრდაა.

ანალიტიკოსების მიერ გამოკითხულ მომხმარებელთა 60%-ს მიაჩნია, რომ სახსრებს ყველაზე მეტად second-hand-ის მაღაზიებში საქონლის ყიდვით ზოგავენ, ხოლო გამოკითხულთა 55%-მეორადი ნივთების შეძენით ფულის დაზოგვას მომავალშიც გააგრძელებს, თუ მათი შემოსავალი არ გაიზრდება და მსოფლიოში ეკონომიკური პირობები არ გაუმჯობესდება.

ტრადიციულ საცალო ვაჭრობაზე უფრო სწრაფი ზრდის მიზეზად ThredUp-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს რეინჰარტი მომხმარებელთა პრეფერენციებს ასახელებს. რაც შეეხება მეორადი შოპინგის გამოცდილებას, გაყიდვებსა და მომავლის მოლოდინებს, რეინჰარტის შეფასებით, “second-hand-ის წილი მომხმარებელთა კარადებში დროთა განმავლობაში კიდევ მოიმატებს.”

ანალიტიკური კომპანია GlobalData-ს მმართველი დირექტორის, ნილ სონდერსის შეფასებით, მეორადი საქონლის ყიდვის პრეფერენცია გარკვეული თაობებით არ შემოიფარგლება. კერძოდ, ახალგაზრდა მყიდველები second-hand-ის მაღაზიებში თუნდაც იმიტომ დადიან, რომ შეძენილი ნივთებით საკუთარი თავი გამოხატონ და პირადი სტილი შექმნან. რაც შეეხება მშობლებს, ისინი ასეთ მაღაზიებში ოჯახისთვის ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის უზრუნველსაყოფად დადიან, ხოლო ხანში შესული თაობა ხელმისაწვდომ ფასად მაღალი კლასის ბრენდებს ყიდულობს და “უნიკალურ ნივთებზე ნადირობით ტკბება.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ