„სარდაფებშიც ხსნიან კერძო ბაღებს - ძიძების პრობლემაც მწვავედ დგას“

„სახელმწიფომ ჯერ ვერ მოიცალა კერძო ბაღებთან მიმართებაში. კანონი კი არსებობს, მაგრამ აღსრულებაში არ არის შესული“ - საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის“ დამფუძნებელი, გიგი სისვაძე 2024 წლიდან კერძო ბაღების აკრედიტაციის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი ჯერ კიდევ არ არის. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, მუნიციპალიტეტს უნდა გაეკეთებინა აკრედიტაცია გამგეობების მეშვეობით, თუმცა პროცედურა დაწყებული ჯერ არ არის. მისი თქმით, ეს საკითხი კანონითაც დაურეგულირებელია და ფაქტობრივადაც, მოუწესრიგებელია.

გიგი სისვაძე კორპუსის ბინებში გახსნილი ბაღების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მარტო ბინებში კი არა, ბაღებს სარდაფებშიც ხსნიან და ეს ყოვლად დაუშვებელია.

„ბაღს აქვს თავისი პარამეტრები, უსაფრთხოების ზომები, შენობა-ნაგებობის განთავსება, ჰასპის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ და შემოვიტანეთ კერძო ბაღებში. როდესაც აკეთებ და აშენებ ბაღს, იქ ყველა კვადრატი გარკვეულ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასევე ოთახების განლაგება, სამზარეულოსა და დასავენებელი ადგილის მოწყობა. ჩვენთან ეს საკითხი ქაოტური და მოუწესრიგებელია, რადგან სარდაფებშიც ხსნიან ბაღებს“, - აცხადებს ის.

მისი თქმით, ბაღში კვების საკითხს სურსათის უვნებლობა უნდა ამოწმებდეს.

„როდესაც ბაღი კორპუსსა და სარდაფში არის გახსნილი, იქ ბუნებრივია, ვერ მოხდება შემოწმება, რადგან ასეთი ბაღები შპს-დაც კი არ აქვთ რეგისტრირებული, რომ დანიშნულებაში კერძო სააღმზრდელო დაწესებულება იყოს მითითებული“.

გიგი სისვაძის თქმით, სახელმწიფო კონტროლზე საერთოდ არ არის მიბმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - არ არსებობს დადგენილი ნორმატივი, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა და რა პროგრამით უნდა მოხდეს ბავშვების აღზრდა კერძო ბაღებში.

„მნათის“ დამფუძნებელი კადრების პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საკმაოდ მწვავედ დგას ეს პრობლემაც.

„კერძო ბაღებში ძიძების პრობლემაც უმწვავესია დღეს. ჩვენ, ასოციაციის ფარგლებში ვგეგმავთ, რომ გავაკეთოთ გადამზადების ცენტრი, სადაც კვალიფიკაციას, მეთოდოლოგიას, ფსიქოლოგიას შევასწავლით ძიძებს, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე კერძო ბაღებში და სპეციალისტები არ ჰყავთ, რომ ამ ბავშვებთან მიდგომა იცოდნენ.

ძალიან ცოტაა ასეთი ბაღი, სადაც სპეციალისტები ჰყავთ, ამიტომ ამ კუთხით ჩვენც გვსურს, რომ რაღაც პლატფორმა გავაკეთოთ, რომელიც ჯერჯერობით მთელი რიგი პრობლემების გამო, მათ შორის ფინანსური და ა.შ. ვერ გავაკეთეთ“ - განაცხადა გიგი სისვაძემ.

ეკა დარჩიაშვილი