ერთ კვირაში საკონტეინერო გადაზიდვები 3%-ით გაიაფდა, თუმცა ფასები კვლავ 10-წლიან მაქსიმუმზე რჩება

კონტეინერების მსოფლიო ინდექს Drewry’s-მა ერთ კვირაში 3%-ით მოიკლო. კერძოდ, 40-ფუტიანი ერთი კონტეინერის გადაზიდვის ტარიფმა 28 მარტის მდგომარეობით 2,929 დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა 21 მარტს 3,010 დოლარი ღირდა. მონაცემებს Drewry Shipping Consultants ავრცელებს.

თუმცა გასული წლის ანალოგიურ კვირასთან შედარებით, ინდექსი 71%-ით გაიზარდა. ამასთან, 40-ფუტიან ერთ კონტეინერზე 28 მარტის 2,929-დოლარიანი მაჩვენებელი 2019 წლის პანდემიამდელ საშუალო მაჩვენებელზე, ანუ 1,420 დოლარზე 106%-ით მეტია.

ყველაზე მაღალ ნიშნულს Drewry’s-ის ინდექსმა 25 იანვარს მიღწია, როცა 40-ფუტიანი ერთი კონტეინერის გადაზიდვის ტარიფმა 3,964 დოლარი შადგინა, ხოლო მინიმალური, 1,342-დოლარიანი ფასი 2023 წლის 26 ოქტომბერს დაფიქსირდა.

მიმდინარე წელს საშუალო ინდექსი 40-ფუტიან კონტეინერზე 3,413 დოლარია, რაც 10-წლიან საშუალო მაჩვენებელს, ანუ 2,704 დოლარს 709 დოლარით აღემატება. საშუალო მაჩვენებელი 2020-22 წლების კოვიდპანდემიის განსაკუთრებულ პერიოდში გაიზარდა.

ბოლო კვირას 40-ფუტიან კონტეინერზე გადაზიდვების ტარიფები შემცირდა:

  • შანხაიდან ნიუ-იორკში - 6%-ით, ანუ 318 დოლარით, 5,058 დოლარამდე.
  • ნიუ-იორკიდან როტერდამში - 3%-ით, 637 დოლარამდე
  • შანხაიდან ლოს-ანჯელესში - 3%-ით, 3,825 დოლარამდე
  • შანხაიდან როტერდამში, 2%-ით, 3,159 დოლარამდე
  • როტერდამიდან შანხაიში - 2%-ით, 814 დოლარამდე
  • შანხაიდან გენუაში - 2%-ით, 3,806 დოლარამდე
  • ლოს-ანჯელესიდან შანხაიში - 1%-ით, 691 დოლარამდე
  • როტერდამიდან ნიუ-იორკში - 1%-ით, 2,261 დოლარამდე

Drewry გადაზიდვის სპოტური ფასების შემცირებას უახლოეს კვირაშიც მოელის.

ცნობისთვის: თებერვალში ევროკომისარმა ეკონომიკურ საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ წითელ ზღვაში თავდასხმების შედეგად აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა. ამასთან, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (International Maritime Organization-IMO) მონაცემებით, წითელ ზღვაში დაძაბულობის ფონზე სუეცის არხზე 36%-ით ნაკლები გემი მოძრაობს, ხოლო ტვირთი 60%-ზე მეტად არის შემცირებული. მნიშვნელოვნად გაიზარდა გემების დაზღვევის ღირებულება, საწვავის ხარჯი და ეკიპაჟების დატვირთვის დონე.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ