ნარჩენების გადასამუშავებლად სახელმწიფო 26 მლნ ევროს სესხს აიღებს - ხანგრძლივობა 15 წელია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოყოფს 22 მლნ ევროს ოდენობის სესხს. მისივე თქმით, სესხის ხანგრძლივობა 15 წელი იქნება.

გარდა EBRD-ისა, პროექტის დასაფინანსებლად მწვანე კლიმატის ფონდისგან (GGF) 4 მლნ ევროს ოდენობით სასესხო რესურსს გამოყოფს. აღნიშნული სესხის ხანგრძლივობაც 15 წელია.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ფინანსთა სამინისტროს მყარი ნარჩენების სეპარირება-რეციკლირებასთან დაკავშირებით სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით დაფინანსების მოზიდვის თხოვნით მიმართა. ICP-ENVIROPLAN-კონსორციუმმა, თბილისის მერიის დაკვეთით მოამზადა გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის თანახმადაც, აუცილებელია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სქემასთან ერთად, ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტის და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას, რაც დადებით გავლენას მოახდენს ნარჩენების შემცირებაზე“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პროექტს განახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2028 წლის 1 იანვარი.

მერი ტაბატაძე