”დანერგე მომავლის” მეორე ეტაპი ივლისში დაიწყება

"სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" 15 ივლისიდან პროგრამის - "დანერგე მომავალი" -  მეორე ეტაპს იწყებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" დირექტორმა მარიანა მორგოშიამ და საგრანტო ოფიცერმა ალექსანდრე მელქაძემ პროგრამა - "დანერგე მომავალი" დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს, კობა ქანთარიას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს.

სამინისტროს განცხადებით, "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში" განაცხადების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ" პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება. 89.63 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია 84,3 ჰა ვაშლის კულტურა, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი, 1,2 ჰა ბალი. მიმდინარე თვის ბოლომდე შიდა ქართლსა და გურიაში ვაშლის, ატმის, ქლიავისა და ბლის ბაღები გაშენდება. ასევე დაფინანსება მიიღეს სარწყავი სისტემის მოწყობისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ" პროგრამის - "დანერგე მომავალი" განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

სამინისტროს განმარტებით, პროგრამის - "დანერგე მომავალი" ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; მათივე თქმით, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ს.

პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000–1200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.