„ცოტა მეტი დაჯდება რემონტი“ - გაზრდის თუ არა შენობების ენერგოეფექტური მოწყობა საბიუჯეტო ხარჯებს

„ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში ცვლილებები შედის. როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი აღნიშნავს, ცვლილებები ძირითადად ვადების დაკორექტირებას და რიგ ტექნიკურ მიმართულებებს ეხება.

ცვლილებები შეეხებათ შენობებისა და სამრეწველო ობიექტების მფლობელებს, საჯარო დაწესებულებებსა თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებებს და მათ, ვინც უნდა განახორციელონ ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება და ინსპექტირება.

„ჩვენი ძველი კანონები არის ევროდირექტივების შესაბამისი ძველ რედაქციებთან და ამის ტექნიკური ნაწილი ზუსტდება. მაგალითად, შემოდის ელექტროდამტენი მოწყობილობების საჭიროება და გარკვეული სიმძლავრის ზევით „ჭკვიანი“ სისტემების გამოყენება შენობებში და გათბობა-ვენტილაციის სისტემების სრულყოფა ავტომატური მართვის ტექნოლოგიებით“, - განაცხადა აბულაშვილმა.

საქართველოს მთავრობას მოქმედი კანონით ვალდებულება აქვს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების 1% გახადოს ენერგოეფექტური. ცვლილებების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ერთი პროცენტი სამ პროცენტამდე იზრდება.

კითხვაზე, გაუზრდის თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ენერგოეფექტურობის ახალი მოთხოვნები, აბულაშვილი პასუხობს, მსგავსი ღონისძიებები ხარჯებს ზრდის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ პირველად საინვესტიციო თანხასა და სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში საექსპლუატაციო თანხებს, ერთობლიობაში საბიუჯეტო ხარჯები შემცირდება.

„ნებისმიერი მსგავსი ღონისძიება ზრდის ხარჯს. ასეთი ტიპის ინვესტიციის განხორციელებისას ჩვენ მხოლოდ პირველადი შესაძენის თანხა არ უნდა გავითავლისწინოთ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პირველადი საინვესტიციო თანხაც და სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში საექსპლუატაციო თანხები. ამ ერთობლიობაში, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები შემცირდება, მაგრამ თუ შენობის რემონტი ჯდებოდა რაღაც თანხა, იმაზე ცოტა მეტი დაჯდება მისი ენერგოეფექტური რემონტი. პირველადი ინვესტიცია იქნება ოდნავ მეტი, როგორც აშენების, ასევე განახლების დროს, მაგრამ ინევსტიციას პლუს საესპლუატაციო თანხები და მით უმეტეს, საჯარო შენობებში, რომლის საექსპუატაციო თანხებსაც ისევ ბიუჯეტი ფარავს, რა საკვირველია, ეს იქნება ნაკლები“, - განაცხადა გიორგი აბულაშვილმა.

მერი ტაბატაძე