ესპანური Inditex, რომელიც ტანსაცმლის ბრენდებს, Zara-ს, Bershka-ს, Massimo Dutti-სა და Pull&Bear-ს ფლობს, 3 აპრილიდან კიევის, თითქმის, 20 მაღაზიაში მუშაობას განაახლებს, ხოლო ტანსაცმლის ონლაინ შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი. ინფომრაციას Efe ავრცელებს.
ამასთან, ქსელის მაღაზიები მოგვიანებით ლვოვშიც გაიხსნება.
უკრაინაში როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში Inditex-ის კომერციული საქმიანობის განახლება „ეტაპობრივად“ მოხდება და „ბაზრის საჭიროებებზე“ იქნება დამოკიდებული. Efe-ის მონაცემებით, უკრაინაში, კერძოდ, კიევში ან ქვეყნის დასავლეთის ქალაქებში, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ყველაზე მოშორებით არიან, ჯგუფს, მთლიანობაში, 50 მაღაზიამდე გახსნა შეუძლია.
Inditex-მა კომერციული საქმიანობა უკრაინაში 2022 წლის მარტში, ომის დაწყების შემდეგ შეაჩერა. მანამდე კომპანია ქვეყანაში 84 მაღაზიას ამუშავებდა, რომელთა მოგებამ 2021 წლის ბოლოს 54 მლნ ევროს მიაღწია.
2022 წლის გაზაფხულზე Inditex-მა, ასევე, ყველა მაღაზიის მუშაობა და ონლაინ გაყიდვები რუსეთშიც შეაჩერა. რითეილერმა თავისი გადაწყვეტილება რუსეთის ბაზარზე „ოპერაციების უწყვეტობისა და სავაჭრო გარანტიების“ შეუძლებლობით ახსნა. იმ დროისთვის ჯგუფი რუსეთში 502 მაღაზიას ამუშავებდა, რომელთაგან 86 Zara-ს მაღაზია იყო. თუმცა კომპანიამ მაშინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ინვესტიციები რუსულ ბაზარზე „ფინანსურად მნიშვნელოვანი არ იყო,“ რადგან გლობალური მოგების მხოლოდ 8.5% მოჰქონდა. 2022 წლის ოქტომბერში, Inditex-მა რუსეთში თავისი ბიზნესი გაყიდა. მყიდველი ლიბანში Inditex-ის ფრენჩაიზის მფლობელი, Daher Group-ი იყო. Inditex-ის შეფასებით, 2022 წლის ბოლოსთვის ჯგუფის რუსული აქტივები 2,21 მლრდ ევროთი გაუფასურდა.
Inditex 1985 წელს დაარსდა. აქციათა საკონტროლო პაკეტი კომპანიის დამფუძნებელს, მილიარდერ ამანსიო ორტეგას ეკუთვნის, რომლის ქონებაც, Forbes Real-Time-ის მიხედვით, 113,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ