გეკითხებით, როგორ უნდა იცხოვროს ოჯახმა ან თუნდაც ერთმა ადამიანმა 300 ან 600 ლარიანი ხელფასით? ან შეძლებდა თუ არა ნებისმიერი თქვენგანი 900 ლარად გაეტანა თავი?! ივანიშვილის ჩინოვნიკები დღითიდღე მდიდრდებიან, ხალხს კი ურცხვად უმტკიცებენ, რომ 300-ლარიანი ხელფასით უნდა დაკმაყოფილდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა უმუშევრობაა და ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები, ბოკუჩავას შეფასებით, დეჰუმანიზებული სტატისტიკით იწონებენ თავს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მთელს ქვეყანას მივულოცო ჩვენი გამარჯვება და მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ეროვნული ნაკრების ბიჭებს იმისთვის, რომ ასე თავგანწირვით იბრძოლეს, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენეს ყველას, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია!
ახლა მინდა ვისაუბრო, იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე არის უმუშევრობა! ივანიშვილის პარტია ურცხვად ამტკიცებს, რომ ეკონომიკა პოზიტიურად ვითარდება და ერთ-ერთ მაჩვენებლად შემცირებული უმუშევრობის სტატისტიკა მოჰყავს. ისინი თავმომწონედ ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში 261 700 უმუშევარია, მაგრამ უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ 64 000-მდე ადამიანს 300 ლარი ხელფასი აქვს თვეში, 100 000-მდე ადამიანს 300-დან 600-ლარამდე ხელფასი აქვს თვეში. თითქმის 120 000 ადამიანს 600-დან 900 ლარამდე აქვს ხელფასი.
მე თქვენ გეკითხებით, როგორ უნდა იცხოვროს ოჯახმა ან თუნდაც ერთმა ადამიანმა 300 ლარიანი ხელფასით, ან 600 ლარიანი ხელფასით, ან შეძლებდა თუ არა ნებისმიერი თქვენგან 900 ლარად გაეტანა თავი?! ივანიშვილის ჩინოვნიკები დღითიდღე მდიდრდებიან, ხალხს კი ურცხვად უმტკიცებენ, რომ 300-ლარიანი ხელფასით უნდა დაკმაყოფილდნენ და დასაქმებულთა დეჰუმანიზებული სტატისტიკით იწონებენ თავს! სინამდვილეში კი, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, ფაქტობრივად, უმუშევარია, უპერსპექტივობას ებრძვის და ბევრი მათგანი იძულებით ემიგრაციაში წასვლას ირჩევს. იცლება ქვეყანა, მაგრამ ივსება ივანიშვილის და მისი ჩინოვნიკების ჯიბეები! ღარიბდება ხალხი, მაგრამ მდიდრდება ივანიშვილის პარტიული ელიტა! შიმშილობენ ბავშვები, მაგრამ უძღები ჩინოვნიკები აგრძელებენ ბიუჯეტის ძარცვას! შვილების სარჩენად, იძულებით ემიგრაციაში მიდიან დედები, ამ დროს კი ივანიშვილის პარტიის წევრები მათ მძიმე ისტორიებს გამოგონილს უწოდებენ და ქალების დევნის ახალ პლაცდარმს ქმნიან აქ, პარლამენტში. პოლიტიკიდან ქალების განდევნის მიზნით, კვოტირებას აუქმებენ. რატომ?! იმიტომ, რომ ნაკლებმა ქალმა ისაუბროს, ქალების ეკონომიკური პრობლემების შესახებ. რატომ?! იმიტომ, რომ ისევ თავისი, კორუმპირებული ფეოდალებისთვის გაათავისუფლონ ადგილები პარლამენტში. ამ ყველაფერზე, სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, ფასების ზრდაზე, ქალების ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში განდევნაზე, თუ საქართველოში დევნაზე, კორუფციაზე და ფეოდალიზმზე, ოქტომბერში ქართველი ხალხი ივანიშვილის პარტიას გასცემს პასუხს, როდესაც აირჩევს კეთილდღეობას, ღირსეულ დასაქმებას და სამშობლოში დაბრუნებას, აირჩევს საქართველოს, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება საკუთარი თავის რეალიზების შანსი!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.