რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს თურქეთთან, სადაც მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა

31 მარტს თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, რის შედეგადაც დიდ ქალაქებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდ ქალაქებში დამარცხება აღიარა.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს თურქეთთან. შედეგები ასე გამოიყურება:

თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის იანვარ თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20.7%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ ორ თვეში თუ ბრუნვა 391 მლნ დოლარი იყო, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 417 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ბრუნვაში უდიდესი ნაწილი იმპორტს ეკავა, გასულ წელს თურქეთიდან იმპორტირებულია 326 904 890 დოლარის პროდუქცია, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 408 232 900 დოლარის. საქსტატის მონაცემების თანახმად, თურქეთიდან იმპორტი 2024 წლის ორ თვეში 25%-ით გაიზარდა.

5 ძირითადი იმპორტირებული პროდუქტი ასე გამოიყურება:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 43,7 მლნ დოლარის
  • შავი ლითონების მეტალო კონსტრუქციები 10,6 მლნ დოლარის
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები 9,1 მლნ დოლარის
  • მილები და შავი ლითონებისაგან 8,556 მლნ დოლარის
  • სარეცხი და საწმენდი საშუალებები 7,75 მლნ დოლარის

რაც შეეხება ექსპორტს რეექსპორტის ჩათვლით, გასული წლის პირველ ორ თვეში 64,751 მლნ აშშ დოლარი იყო, მიმდინარე წელს 63,643 მლნ აშშ დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 1,7%-ით შემცირდა.

თურქეთში ექსპორტზე გავიდა შემდეგ 5 პროდუქცია:

  • ფეროშენადნობები 18,859 მლნ დოლარის
  • მაისურები და ტრიკოტაჟის ნაწარმი 11,919 მლნ დოლარის
  • კოსტიუმები 6,029 მლნ დოლარის
  • თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები 3,096 მლნ დოლარის
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები 2,471 მლნ დოლარის

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში თურქეთიდან გადმოირიცხა 14,561 მლნ დოლარი, ხოლო საქართველოდან თურქეთში 11,648 მლნ დოლარი. გასული წლის იმავე პერიოდში საქართველოში თურქეთიდან გადმოირიცხა 16 778 მლნ დოლარი, ხოლო პირიქით - 10 472 მლნ დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს თურქეთიდან ფულადი გზავნილები 13%-ით შემცირდა, ხოლო საქართველოდან თურქეთში - 11%-ით გაიზარდა.

მერი ტაბატაძე