ევროპა არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა და გამჭვირვალეობა, გამჭვირვალეობა, რომელიც ესოდენ დეფიციტურია ჩვენი „ენჯეო“ სექტორის კონკრეტული ნაწილისთვის - შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ საქართველოში „ენჯეო“ სექტორის ამ ნაწილის და პარტიული ტელევიზიების გავლით შემოდის დიდი ფული, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას თავისი დესტრუქციული მიზნების განხორციელებისთვის ხმარდება, რაც არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, სიცრუეა ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან იმის მტკიცება, რომ გრანტი გაიცემა მიზნობრიობის გარეშე.
„მინდა ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან კითხვა დავუსვა - სადმე გაგიგიათ ან გსმენიათ, რომ დონორს ჰქონოდა ისეთი პროგრამა, რომლითაც გრანტი ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე ვინმესთვის მიეცა? ასეთი რამ იცით? რა თქმა უნდა, არა! ეს კითხვა რიტორიკულია იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს, ეს წარმოუდგენელია და საერთოდ, გრანტის არსებობის ისტორიაში არასდროს ეს არც მომხდარა და არც მოხდება.
ამ მტკნარი სიცრუის მიზეზი არის ის, რომ ამ თანხების ხარჯვა, რომელიც რადიკალ პოლიტიკოსებთან აფილირებული „ენჯეოების“ მეშვეობით ხორციელდება არის სრულიად გაუმჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ახლა პასუხი ეცემა კითხვას - ერთი წლის წინ რატომ მოჰყვა გავეშებული კამპანია გამჭვირვალეობის შესახებ კანონის ინიცირებას. იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას სჭირდებოდა, რომ დაფინანსების წყაროები და დაფინანსების კონკრეტული ადრესატები არ ყოფილიყო გაშიფრული და საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ყველა ეს ინფორმაცია აშკარა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.