„აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ სოხუმის მეღვინეობამ, რომელიც რუსეთში მთავარი ექსპორტიორია, ორთვიანი შეჩერების შემდეგ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს კომპანიის მთავარმა მეღვინემ, ვალერი ავიძბამ განუცხადა.
სოხუმის მარანი დე ფაქტო მთავრობის მიერ იმპორტირებულ ღვინის მასალაზე აქციზის გაზრდის გამო იანვრიდან არ ფუნქციონირებდა, რადგან წარმოების ხარჯი 30%-ით გაეზარდა. კომპანიის ხელმძღვანელობამ დე ფაქტო მთავრობასა და პარლამენტს აქციზის გადასახადისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. 21 მარტს დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში იმპორტირებული ღვინის მასალა აქციზით აღარ დაიბეგრება, თუმცა ე.წ. პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.
როგორც ჩანს, აფხაზები თავიანთ ბიუჯეტს კვლავ მოსკოვის სასარგებლოდ აზარალებენ ან აქციზის გაუქმებაზე დირექტივა თავად კრემლიდან მოდის, რადგან რუსებს აფხაზური ღვინო საგრძნობლად უძვირდებოდათ. კერძოდ, 2023 წლის ზაფხულში დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან აფხაზეთში ღვინის მასალაზე აქციზის განაკვეთი უნდა გასამმაგებულიყო, რაც ქარხნის ისედაც გაზრდილ ხარჯს დააწვებოდა. მაგალითად, ბოთლებსა და საცობებზე, რომელთაგან ქარხანა საცობებს პორტუგალიაში, ბოთლებს კი რუსეთში ყიდულობს, ფასები მუდმივად იზრდება. შესაბამისად, საბოლოო პროდუქტიც ძვირდება. ამასთან, ქარხანამ მუშაობა რუსი დისტრიბუტორების გაფრთხილების გამო შეაჩერა, რომ ფასის გაზრდის გამო საქონლის გაყიდვას ვერ შეძლებდნენ (მოსკოვში ქარხნის სავაჭრო წარმომადგენელი შპს Mistral Alko-ა). ეს მაშინ, როცა რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული კავშირისა და ალკოჰოლური პოლიტიკის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, რუსეთში იმპორტირებული ღვინის 6% აფხაზეთის წილია, ხოლო 2023 წელს აფხაზეთმა რუსეთში 19 მლნ ლიტრი ღვინო შეიტანა.
თავად ავიძბას ცნობით, 2023 წელს „აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ სოხუმის მეღვინეობამ რუსეთში 20 მილიონამდე ბოთლი სხვადასხვა ღვინო შეიტანა, წელს კი მიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება.
ამჟამად ღვინის ქარხანა ღვინის ჩამოსასხმელად ემზადება და მისი პროდუქცია მოსკოვში უკვე 3-4 აპრილს გაიგზავნება. ამ დროისთვის აფხაზური ღვინო ექსპორტზე მხოლოდ რუსეთში გადის და ავიძბა იმედოვნებს, რომ ის ბელარუსის ბაზარზეც გამოჩნდება.
ცნობისთვის: სოხუმის ღვინის ქარხანა აფხაზეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორია. კომპანიაში 100-მდე ადამიანი არის დასაქმებული. ქარხანა, რომელიც 1930 წელს დაარსდა, ბიუჯეტის შემქმნელი საწარმოების სიაში შედის. ის აწარმოებს ბოთლის ღვინოებს ბრენდებით, „ფსოუ,“ „აფხაზეთის ბუკეტი,“ „ლიხნი“ და „აფსნი.“ ქარხანა, ასევე, კონიაკებს, ცქრიალა ღვინოებსა და ღვინის სასმელებს ასხამს. რუსეთში „აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ ასორტიმენტი მთლიანობაში 17 პროდუქტისგან შედგება. აქედან 9 სუფრის ღვინოა, 2 ღვინის სასმელი, 2 დაძველებული ღვინო, ხოლო 3 ცქრიალა ღვინო და კონიაკია. საწარმოს საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 20 მლნ ბოთლს შეადგენს. ქარხანა თავის პროდუქციას იმპორტირებული ღვინის მასალისა და ადგილობრივი ყურძნისგან აწარმოებს. საწარმოს ყურძნის ვენახების ფართობი ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში 300-მდე ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა.
აღსანიშნავია, რომ ქარხანა რუსული კი არა, იტალიური და ფრანგული უახლესი ტექნოლოგიით მუშაობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ