„ხელფასს ხელოვნურად ვერ გაზრდი“ - გადაჭრის თუ არა მინიმალური ხელფასი არსებულ გამოწვევებს

„საშუალო ხელფასის ზრდა არ ასახავს რეალობას“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მაგალითად IT სექტორში დასაქმებულებს მაღალი ხელფასები აქვთ. არსებობენ მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 300 ლარიდან იწყება. საშუალო ხელფასის „დაბალანსება“ სწორედ მაღალი და დაბალი ხელფასით ხდება, შესაბამისად, საშუალო ხელფასი რეალობასთან აცდენილი გამოდის.

„IT არის მაღალი ხელფასები, მაგრამ მანდ ხომ ყველა არ მუშაობს. ყველა IT ვერ იქნება. არსებობს ძალიან დაბალანაზღაურებადი სამსახურები, ისინი ამცირებს უმუშევრობას და საშუალო ხელფასს ზრდის, მაგრამ ამ ხალხს, ვინც 700 ლარზე მუშაობს და ეტყვი 2000 ლარია საშუალო ხელფასიო, ეს მისთვის შეღავათი არაა“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ხელფასის ქვედა ზღვრის დაწესების საკითხს და აღნიშნა, რომ ხელფასის ნაწილში არსებულ გამოწვევებს მინიმალური ანაზღაურების დაწესება ვერ მოაგვარებს.

„ხელფასებს ხელოვნურად ვერ გაზრდი, ქვედა ზღვრის დაწესებით. არის მცდელობა მინიმალური ხელფასის დაწესების, მაგრამ ეგ სიტუაციას არ უშველის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც გვაქვს, უნდა იყოს ინკლუზიური, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ვერ აისახა ჯერჯერობით ფართო ფენებზე“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.

მერი ტაბატაძე