„რეალობა სავალალო გვაქვს“ - როგორ ითვლება უმუშევრობა

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის განცხადებით, უმუშევრობის სტატისტიკა აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც რაღაც დროის განმავლობაში უმუშევრები არიან და ეძებენ სამსახურს.

როგორც ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, სტატისტიკა არ მოიცავს იმ პირებს, რომლებიც სამუშაო ძალას არ წარმოადგენენ და სამსახურს არ ეძებენ. შესაბამისად, რეალურად, უმუშევრად მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით მეტია.

„უმუშევრად ითვლება ადამიანი, ვინც არ მუშაობს ან ეძებს სამსახურს რაღაც პერიოდის განმავლობაში. 15-16% როდესაც არის უმუშევრობა, ეს არ ნიშნავს, რომ მაგაზე მეტი არ არის იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არ მუშაობს. ისინი უბრალოდ სამუშაო ძალის მიღმა არიან, ვიღაცებმა იმედი დაკარგეს და აღარ ეძებენ, ვიღაცებმა იციან, რომ ვერ იპოვიან ისეთ სამსახურს, რომელიც მათ დააკმაყოფილებთ და არიან დამოკიდებულები ფულად გზავნილებსა და სხვა შემოსავლებზე“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ უკეთესი ანაზღაურების საძებნელად გარბიან და შრომითი მიგრაცია მაღალ ნიშნულზეა.

„რეალობა საკმაოდ სავალალო გვაქვს, ჩვენ ვხედავთ, რომ გარშემო ადამიანები გარბიან უკეთეს ქვეყნებში, გარბიან უფრო კარგ ანაზღაურებაზე. საქართველოშიც ჩამოდიან ადამიანები ჩვენზე ღარიბი ქვეყნებიდან, რომლებიც თანახმა არიან უფრო დაბალ ანაზღაურებაზე დასაქმდნენ, ვიდრე ქართველები დასაქმდებოდნენ. ეგ მეტ-ნაკლებად ნორმალური პროცესია, უბრალოდ მასშტაბებზე არის საუბარი. იმ ფონზე, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2 წელი და უმუშევრობის შემცირების ფონზე, შრომითი მიგრაცია არის ძალიან მაღალი“, - აღნიშნავს ბერიკაშვილი.

მერი ტაბატაძე