უკრაინას ჯერ არ აქვს სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხოების დამაჯერებელი გარანტიები, რაც ინდუსტრიის „ოქროს“ პრინციპია. ამის შესახებ ადგილობრივი ავიკომპანია SkyUp Airlines-ის უსაფრთხოებისა და ხარისხის დირექტორმა, ალექსანდრე შაფიევმა UNIAN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, არეალურია ომის დროს აეროპორტისთვის ცის უსაფრთხოების ორგანიზება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ამ მხრივ ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა. ამდენად, ვიდრე სახელმწიფო გარანტიებს ვერ მიიღებს, სამოქალაქო ფრენები ვერ აღდგება.
“ვერც კი წარმომიდგენია, დღეს ეს როგორ უნდა გაკეთდეს, რადგან ქვეყნის მთელი ტერიტორია რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებისთვის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია,” - განმარტავს სპეციალისტი.
მისი თქმით, ასეთ დროს არავინ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ სამოქალაქო თვითმფრინავს მტრის რაკეტა ან უპილოტო თვითმფრინავი არ მოხვდება და უკრაინა მათ შეკავებას საჰაერო თავდაცვის ძალებით შეძლებს.
“ასეთი იდეა დასავლეთ უკრაინისთვისაც კი საშიშია. საჰაერო განგაშის დროს რისკების შესამცირებლად სახმელეთო ტრანსპორტიც კი ჩერდება, სამოქალაქო თვითმფრინავებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია,” - ამბობს შაფიევი.
მისი აზრით, საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად უკრაინამ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგას. კერძოდ, აეროპორტის ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციისთვის მოამზადოს, შეამოწმოს, ფუნქციონირებს თუ არა აღჭურვილობა დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ და ცაში უსაფრთხოებისთვის საჰაერო „დერეფანი“ შექმნას. ასევე, აუცილებელია, “უკრაერორუხის” დისპეტჩერები დასავლეთთან ურთიერთმოქმედებდნენ, რომ პარტნიორები ასეთი ფრენების „მართვაში“ დაეხმარონ.
გარდა ამისა, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა საომარ პირობებში თვითმფრინავის გამოყენებაზე ნებართვა მფლობელებისგან უნდა მიიღონ, ვისგანაც ზოგიერთ ხომალდს ქირაობენ. ასევე, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების ნებართვა, რომლებსაც სახიფათო ქვეყნების სიები აქვთ, სადაც ფრენა აკრძალული ან შეზღუდულია.
„ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ვერ განხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის აეროპორტებმა მუშაობა დაიწყოს და ამ საკითხს ვსწავლობთ; უფრო მეტიც, გვინდა ვიყოთ პირველები, ვინც უკრაინის ცას დაუბრუნდება, მაგრამ არ იქნება სიმართლე, თუ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ხვალ მოხდება,“ - აცხადებს SkyUp Airlines-ის ტოპ მენეჯერი.
ამ მხრივ ისრაელთან უკრაინის შედარების შესახებ ალექსანდრე შაფიევი ამბობს, რომ “ჰამასის” რესურსები რუსეთის რესურსებთან ახლოსაც ვერ მივა და ამ რისკების ერთმანეთთან შედარება არასწორია.
ცნობისთვის: უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლეკსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, კიევმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ უსაფრთხოების ამერიკელ და ევროპელ მარეგულირებლებთან ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები და მათ თავის ხედვას უზიარებს, თუ როგორ იმუშავებს ბაზარი საომარი მდგომარეობის პირობებში. მისი თქმით, უწყება, ასევე, მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ უკრაინულ ავიკომპანიასთან, რომლებსაც „ფრენა სურთ.“ უკრაინაში საჰაერო მიმოსვლა რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ შეწყდა. ამასთან, გასულ წელს ავიაკომპანია Ryanair-მა დააანონსა, რომ უკრაინის ბაზარზე „მაშინვე დაბრუნდება, როგორც კი ქვეყნის ცა კომერციული ავიაციისთვის ხელახლა გაიხსნება“.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ