სემეკმა მოქალაქეებს 61 ათას ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღეს, საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.

სემეკის ინფორმაციით, საჯარო სხდომაზე საკითხები განსახილველად წარმოადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა.

კომისიამ ჩამოწერას დაუქვემდებარა კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე დარიცხული თანხები, რომელთა ნაწილი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულ დავალიანებად, ხოლო ნაწილი - უსაფუძვლო დარიცხვად. მთლიანობაში 4 ივნისის საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 61 307. 09 ლარი.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.