ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილსა და ადვოკატს შორის პირდაპირ ეთერში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილსა და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გადაცემის დროს ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი აცხადებდა, რომ დაკავების მუქარით მას აუქციონზე დაუსწრებლად 700 ათას ლარად ღირებული უძრავი ქონება შეაძენინეს. აღნიშნულში მან ბექა ბასილაია დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ბასილაიამ განაცხადა, რომ იგი იმ პერიოდში მუშაობდა უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში და მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი შოშიაშვილსა და მისი მამის მიერ დაფუძნებული კომპანიების მიერ ადგილი ჰქონდა შემოსავლების დამალვას და ფულის გათეთრებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფულის გათეთრებაზე თუ იყო საუბარი, რატომ არ აღიძრა საქმე, ბასილაიამ უპასუხა, რომ საქმე აღიძრა და გამოძიებაც დაიწყო. "დავიწყეთ გამოძიება. იყო შპს "კახელები 2005", "პორცლაინი", "ენკამონი" და "ენკაჰაუსი". ეს იყო კომპანიები, რომელშიც წილი ჰქონდა ვალერი შოშიაშვილსა და მის მამას ნუგზარ შოშიაშვილს, იყო სხვა პირებიც გარკვეული პერიოდის მანძილზე. ამ კომაპნიების დეკლარირებული ბრუნვა 2005-11 წლებში შეადგენდა 20 მლნ ლარს, მაშინ, როდესაც ამ ადამიანების ანგარიშებზე ჩვენ და ამ კომპანიებში დასაქმებული 500-600 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანების ანგარიშებზე 25 მლნ ლარი ვიპოვეთ, 20 მლნ დოლარი და 3 მლნ ევროზე მეტი. ეს არის საბანკო ანგარიშების ციფრები. ეს არის ბიუჯეტის ქურდი", - მიმართა ბასილაიამ შოშიაშვილს.

ბასიალაიამ ასევე განაცხადა, რომ 2005-11 წლის მანძილზე შოშიაშვილის კომპანიების იყო 800 ათასი ლარი დივიდენდი ხელფასის ჩათვლით, მაგრამ ამ პერიოდში ამ ადამიანებს 5 მლნ ლარის ქონებები ჰქონდათ შეძენილი.

"შენ ჩემს უძრავ ქონებას რას ეხები, შე ნაძირალავ. შე მათხოვარო. შენ უნდა მოკვდე ისე, რომ უძრავი ქონება არ გეღირსოს", -  მიმართა შოშიაშვილმა ბასილაიას.

გადაცემის წამყვანმა შოშიაშვილს მოუწოდა, რომ წყევლა არ იყო საჭირო. ბასილაიამ კი შოშიაშვილს ამის გამო ქალუსია უწოდა. "ქალუსია და პიდარასტები მოიკითხე პარტიაში", - განაცხადა შოშიაშვილმა, რაზეც ბასილაიამ უპასუხა, რომ უნამუსო იყო და წყალი შეასხა. საპასუხოდ შოშიაშვილმა ბასილაიას წყლიანი ჭიქა ესროლა. წამყვანმა მათი სტუდიიდან გაყვანა ითხოვა და გადაცემა ეთერიდან გავიდა.

იხილეთ ვიდეო: "შე ნაძირალა, მათხოვარო; ქალუსია..." - ცემა-ტყეპა და ჭიქების სროლა "კავკასიის" პირდაპირ ეთერში