კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს და არცერთ ფიზიკურ პირს - ირაკლი ზარქუა

ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა საზოგადოება შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ეს არ ეხება არცერთი სტუდენტის დაფინანსებას, არცერთ სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს, არცერთ ფიზიკურ პირს. ეს ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის დაფინანსება 20%-ზე მეტია უცხოური ფონდებიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზარქუას განმარტებით, ამ კანონის ფარგლებში მათ ერთადერთი მოთხოვნა რაც აქვთ, ეს არის რომ დეკლარირება მოახდინონ იანვრის პირველ რიცხვში ვინც დააფინანსა და რა მიზნით.

„უმრავლესობის მხრიდან დაინიცირდება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, კიდევ ერთხელ ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა საზოგადოება შეცდომაში რომ არ შეიყვანოს, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ეს არ ეხება არცერთი სტუდენტის დაფინანსებას, არცერთ სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს, არცერთ ფიზიკურ პირს. ეს ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის დაფინანსება 20%-ზე მეტია უცხოური ფონდებიდან და ერთადერთი მოთხოვნა რაც გვაქვს, ეს არის რომ დეკლარირება მოახდინონ იანვრის პირველ რიცხვში ვინ დააფინანსა და რა მიზნით. მეტი არაფერი! შეგახსენებთ, საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ ყველა ქვეყნის ინტერესის სფეროშია. ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ მცდელობა ჰქონდათ, რომ ომში ჩავეთრიეთ, მათ შორის იმ გლობალურ ომის პარტიას. დღემდე არ ისვენებენ. პირველ შემთხვევაში, როდესაც ეს გამოვიტანეთ, საზოგადოება, ახალგაზრდები არ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ასე ხისტად მოგვიწია, იმიტომ რომ პრობლემები იყო - ჩვენ ომში მიგვათრევდნენ, ამ არასამთავრობოების დახმარებით. ამის შემდეგ, რომ ვნახეთ რომ გარკვეულ პროვოკაციაზეც მიდიოდნენ, რომ სისხლი დაღვრილიყო, ჩვენ ვთქვით, რომ მოდი, უკან დავიხიოთ, გადავდოთ, საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ კიდევ უფრო. იქნებ ეს პრობლემა არ დადგეს. მაგრამ რას ვხედავთ, წინა კვირას ისევ მილიონობით დოლარი იხარჯება, როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობოებზე. ვიკითხეთ, რა მიზნით? - კაციშვილი ხმას არ იღებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ მტრობენ ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ამ კანონს ერთადერთი მიზანი აქვს - ის ვინც ფინანსდება, როგორც მედია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია 20%-ზე მეტად, დეკლარირება მოახდინონ. უბრალოდ ჩაწერონ ვინ დააფინანსა და რა მიზნით. პრობლემა რაშია?” - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით იქნება მიღებული.