„თურქეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს უნდა ვუთხრათ, დროა დავეხმაროთ საქართველოს“

„თურქეთში მცხოვრებ წარმოშობით ქართველ ბიზნესმენებს, გვინდა გავაცნოთ ის პოტენციალი, რაც საქართველოშია. ეს არის მათთვის შანსი, რომ გენი ამუშავდეს და ვუთხრათ, დროა დავეხმაროთ საქართველოს“,- ამის შესახებ თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მაისში, თურქეთში იგეგმება ბიზნეს ფორუმი, რომლის საშუალებითაც, თურქეთში მცხოვრები ქართველი ინვესტორების დაინტერესება იგეგმება.

საუბარია, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც 2021 წელს ამოქმედდა. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, საქართველოს საშუალება ეძლევა, პროდუქცია თურქული ნედლეულით აწარმოოს და მისი ექსპორტი, made in Georgia-ს სახელით, ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განახორციელოს.

როგორც ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე განმარტავს, ეს ბიზნესმენები ავეჯის და სამშენებლო მიმართულებით, თურქეთში საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ ბიზნესებს ფლობენ.

„შედეგზე რომ გავიდეთ, მაისში უკვე დაგეგმილია საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის სამინისტროების ჩართულობით, ბიზნეს ფორუმი. ასევე, მონაწილეობას იღებს საქართველოს სავაჭრო პალატა, „აწარმოე საქართველოში“ და ჩვენ, ეკონომიკური საბჭო. გვინდა, რომ სტამბოლში ერთობლივად ჩავატაროთ საქმიანი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, ისინი მოვლენ ღონისძიებაზე. ქართული მხარე მათ გააცნობს ინფორმაციას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დიაგონალური კუმულაციის ფარგლებში. შემდეგ უკვე დაველოდებით ახალ ინვესტიციებს საქართველოში.

გვინდა, რომ თურქეთში მცხოვრებ წარმოშობით ქართველ ბიზნესმენებს უკეთესად გავაცნოთ ის პოტენციალი, რაც საქართველოშია. ეს არის მათთვის შანსი, რომ გენი ამუშავდეს და ვუთხრათ, დროა დავეხმაროთ საქართველოს. რაღაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქართველოსთვის. იმედი გვაქვს, რომ დათანხმდებიან. მათი მხრიდან არის დაინტერესება, ვნახოთ, რა გამოვა. ისინი მუშაობენ ავეჯის და სამშენებლო მიმართულებით, მართალია, სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და პატივს სცემენ მას, ისიც მათი ქვეყანაა, მაგრამ ისინი ხომ გენით ქართველები არიან და თან, თურქეთში ძალიან ცნობილი ადამიანები, საკუთარი საქმიანობით და წარმატებული ბიზნესებით“,- ამბობს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

ნინი ქეთელაური