მეჭიაური - მივიღებთ კანონის ისეთ ვარიანტს, რომელიც ბიზნესის ინტერესებს დაიცავს

საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის პრინციპი არ შეიცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მეჭიაური ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გზით გაგრძელდება. "კანონში დაგეგმილი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება, რის შემდეგაც პროექტი პლენარულ სხდომაზე გავა. დღევანდელი შეხვედრისას გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. ეს პროცესი მეორე მოსმენით განხილვების დროსაც გაგრძელდება. ჩვენ მივიღებთ კანონის ისეთ ვარიანტს, რომელიც ერთის მხრივ, აამაღლებს ეროვნული ბანკის სანდოობას და მეორეს მხრივ, აბსოლუტურად დაიცავს ბიზნესის ინტერესებს", - განუცხადა ჟურნალსიტებს დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა.

გუშინ სასტუმრო "რედისონში" საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც საბანკო ზედამხედველობის სფეროს ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავად კანონპროექტის ავტორები: თამაზ მეჭიაური, ნოდარ ებანოიძე, ასევე დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე. მთავრობიდან წარმოდგენილი იყვნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.