უკრაინელები ჰააგის რეესტრში რუსეთის წინააღმდეგ განაცხადების წარდგენას აპლიკაციით შეძლებენ

უკრაინის სახელმწიფო აპლიკაცია Дія-ს გამოყენებით ქვეყნის მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ განაცხადი საერთაშორისო რეესტრში შეიტანონ, რომელიც ჰააგაში ამოქმედდა.

ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერ მიხაილ ფედოროვმა Telegram-ზე დაწერა.

“საერთაშორისო რეესტრის მონაცემები იქნება საფუძველი სამომავლო რეპარაციებისთვის. რუსული აგრესიის ზარალის მასშტაბის გადასაცემად და ასახვისთვის Дія მნიშვნელოვანი აპლიკაცია ხდება,” - წერს ფედოროვი.

სერვისით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა, პირველ რიგში, აპლიკაცია უნდა განაახლონ. პირველ ეტაპზე აპლიკაციით შესაძლებელი იქნება განაცხადების წარდგენა დანგრეული ან დაზიანებული უძრავი ქონების შესახებ, როგორიც არის კერძო სახლი, ბინა, აგარაკი, ბაღის სახლი ან სხვა საცხოვრებელი ფართი. განაცხადის წარსადგენად პირი ქონების მფლობელი უნდა იყოს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქონების კვლევის აქტს ფლობდეს.

შემდეგ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ჰააგის საერთაშორისო რეესტრში განაცხადის წარდგენა იძულებით გადაადგილების, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობის ზიანის მიყენების, წამებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, ხოლო მესამე ეტაპზე საჩივრების შეტანას ბიზნესი და სახელმწიფო შეძლებს.

The Guardian-ის ცნობით, რუსული აგრესიით მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრი ჰააგაში ოფიციალურად 2 აპრილს გაიხსნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ