ესპანეთის რესტორნებში მზეზე ან ჩრდილში მდგარ მაგიდებზე დამატებითი გადასახადი დაწესდა

ესპანეთის ავტონომიურ რეგიონ ანდალუსიის ხელისუფლებამ რესტორნებს კანონით მიანიჭა უფლება, მზეზე ან ჩრდილში განთავსებულ მაგიდებზე ზედმეტი გადასახადი დააწესონ. ინფორმაციას The Olive Press ავრცელებს.

თუმცა ახალი კანონი ერთ მნიშვნელოვან წესსაც ითვალისწინებს, რომელიც რესტორნებმა ამ უფლების აღსრულებისას უნდა დაიცვან. კერძოდ, მომხმარებელს შეკვეთამდე უნდა ეცნობოს, რომ მზიან ან ჩრდილიან ადგილებზე ფასები მოიმატებს, რაც შესაძლოა, მენიუთი, პრაისლისტით ან რეკლამის ნებისმიერი ფორმით გაკეთდეს. ვიზიტორისთვის მხოლოდ სიტყვიერი შეტყობინება საკმარისი არ იქნება.

ამასთან, გარკვეული ხედის ან მდებარეობის მქონე მაგიდაზე ცალკე გადასახადი მენიუში ასახული არ იქნება. რესტორნებს უფლება ექნებათ, ასეთ ზონაში მდგარ მაგიდაზე დამატებითი საფასური თითოეული მიწოდებული კერძიდან ამოიღონ, თუკი ეს მკაფიოდ იქნება მითითებული პრეისკურანტში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ