დავითაშვილი - ბუნებრივი გაზი საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით  94 პროცენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება

ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა-განვითარება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოვლისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის სწორად და ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში გაიმართა 800 მგვტ სიმძლავრისათვის გამოცხადებული სიმძლავრის მეორე აუქციონი, 2024 წელს კი დაგეგმილია 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მგვტ. იქნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აშენდება, მათ შორის, გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება.

მინისტრის განცხადებით, გაზიფიცირების შესახებ მთავრობის განკარგულებაში შესული ცვლილების შედეგად, არსებული გეგმით გათვალისწინებული დასახლებების სიას დაემატა 154 დასახლებული პუნქტი, რის გამოც პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 94 პროცენტისთვის.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს აქტივობებზე ენერგოეფექტურობისა და მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს